შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 495 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2015 18:59

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 16 ივლისის №404/10 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის  - 10692 ლარის 20%–ს - 2138.40 (ორი ათას ასოცდათვრამეტი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 2138.40 (ორი ათას ასოცდათვრამეტი და 40) ლარი და იმავე დღეს კომისიაში წარმოდგენილ იქნა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5825-15).

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლებისა და კომისიის 2015 წლის 16 ივლისის №404/10  გადაწყვეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“  კერძო  მაუწყებლობის №B175 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 20 აგვისტომდე;

ე) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

  1. 1.

ქ. თბილისი

93,5

FM

V

წრიული

1000

N 41°41'45"

E 44°47'06”

170

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს - 12 საათი;

3. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ვალდებულია:

 

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“  სალიცენზიო გადასახდელის  დარჩენილი 70%-ის ანუ 7,484.40 (შვიდი ათას ოთხასოთხმოცდაოთხი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300573062

623,70 ლარი – 2015 წლის 20 სექტემბრამდე;

623,70 ლარი – 2015 წლის 20 ოქტომბრამდე;

623,70 ლარი – 2015 წლის 20 ნოემბრამდე;

623,70 ლარი - 2015 წლის 20 დეკემბრამდე;

623,70 ლარი – 2016 წლის 20 იანვრამდე;

623,70 ლარი – 2016 წლის 20 თებერვლამდე;

623,70 ლარი – 2016 წლის 20 მარტამდე;

623,70 ლარი – 2016 წლის 20 აპრილამდე;

623,70 ლარი – 2016 წლის 20 მაისამდე;

623,70  ლარი – 2016 წლის 20 ივნისამდე;

623,70 ლარი  – 2016 წლის 20 ივლისამდე;

623,70 ლარი – 2016 წლის 20 აგვისტომდე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ გაგზავნა              (ნ. ჯავახიძე);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში              (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ჩაბარებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ) ქვეპუნქტების,          მე–2, მე-3 და მე–4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს                         (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                               მერაბ ქათამაძე