„ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2018 11:39

მიღების თარიღი მაისი 10, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დადგენილება 4

2018 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

„ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესები“ თანდართული სახით;

მუხლი 2. დადგენილება, გარდა თანდართული ,,ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების მე-6 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-6 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 2018 წლის 15 აგვისტოდან.

კომისიის წევრი                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                  მერაბ ქათამაძე

ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესები 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესები (შემდგომში ,,წესები“) შემუშავებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
  2. წესებით განისაზღვრება ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის მაჩვენებლები, ხარისხის შემოწმების წესები, საბითუმო და საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებისა და მომხმარებლების უფლებები და ვალდებულებები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წესებში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. წესებში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესების მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტერნეტ-მომსახურება - საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტთან წვდომას და ამგვარად, გამოყენებული ქსელის ტექნოლოგიის და ტერმინალური მოწყობილობის მიუხედავად იძლევა ინტერნეტის ფაქტიურად ყველა წერტილთან დაშვების შესაძლებლობას;

ბ) მინიმალური სიჩქარე – ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ მომსახურების მიწოდების პირობებში დაფიქსირებული მინიმალური სიჩქარე, რომლის მიწოდების ვალდებულებასაც იღებს  ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი; 

გ) მაქსიმალური სიჩქარე – ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ მომსახურების მიწოდების პირობებში დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც სულ მცირე გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მიიღოს მომხმარებელმა (მაგ: დღეში ერთხელ მაინც);

დ) ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე – მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების სიჩქარე, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება დროის უმეტეს წილად ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; 

ე) დაყოვნება  – პარამეტრი, რომელიც აჩვენებს დაუტვირთავ არხზე ქსელის ტერმინაციის წერტილსა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის ინტერნეტის გაცვლის წერტილს შორის, ორივე მიმართულებით, პაკეტების გაგზავნასა და მიღებას შორის დროის დაყოვნებას მილიწამებში; 

ვ) ჯიტერი (jitter) – პარამეტრი, რომელიც გამოსახავს ქსელის გამტარუნარიანობის შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ პაკეტების გაგზავნასა და მიღებას შორის არათანაბარ/არაერთგვაროვან დროის დაყოვნებას მილიწამებში;

ზ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (packet loss ratio) – პარამეტრი, რომელიც გამოსახავს დაკარგული პაკეტების პროცენტულ პროპორციას გაგზავნილი პაკეტების მთლიან რაოდენობაში;

თ) დაკავშირების სიჩქარე – პარამეტრი, რომელიც გამოსახავს მონაცემთა გადაცემის დაუტვირთავ არხში, ქსელის ტერმინაციის წერტილსა და ინტერნეტის გაცვლის წერტილს შორის ინფორმაციის გაცვლის სიჩქარეს (ატვირთვა / ჩამოტვირთვა) კბტ/წმ-ში;

ი) ქსელის ტერმინაციის წერტილი - ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის ქსელის დამაბოლოვებელი წერტილი (მათ შორის, ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მისაწოდებლად მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული აპარატურა ან მომსახურების მიმწოდებლის რეკომენდაციების შესაბამისად მომხმარებლის მიერ შეძენილი აპარატურა), რომლის საშუალებითაც ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლის წვდომას საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელთან.

მუხლი 3. საბითუმო და საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები

1. საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებით გათვალისწინებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას ამ წესების შესაბამისად.

2. საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს მომსახურება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) საცალო ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებული ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობები კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს მიწოდებული მომსახურების მინიმალურ, მაქსიმალურ და ფაქტობრივ სიჩქარეს, ასევე მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების შესახებ შემდეგ პარამეტრებს:

ა.ა) ჯიტერი;

ა.ბ) დაყოვნება;

ა.გ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (packet loss ratio).

ბ) მომხმარებლისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი ინტერნეტ-მომსახურების სიჩქარე არ უნდა იყოს ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული მაქსიმალური სიჩქარის 80 პროცენტზე ნაკლები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს   სულ მცირე  არაპიკის საათებში მუდმივად და პიკის საათების 90 პროცენტში ან მთელი დღის 95 პროცენტში. პიკის საათის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში 4 საათზე მეტი.

გ) მომხმარებლისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების  სიჩქარე არ უნდა იყოს მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი ან ტოლი;

დ) ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა იყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთავაზების რეკლამირებულ სიჩქარეზე ნაკლები.

3. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას საცალო ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი სარეკომენდაციოდ იყენებს შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს (ორაზროვნების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ამ სტანდარტს):

ა) ჯიტერისთვის -  ITU-T Y.1541 პარაგრაფი  5.3, 5.3.6, 5.3.7.;  ITU-T Y.1540 პარაგრაფი  6;  ETSI EG 202 057-4;

ბ) დაყოვნებისთვის -  ITU-T Y.1541 პარაგრაფი  5.3, 5.3.6, 5.3.7.; ITU-T Y.1540 პარაგრაფი  6; ETSI EG 202 057-4;

გ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტისთვის (packet loss ratio) - ITU-T Y.1541 პარაგრაფი  5.3, 5.3.6, 5.3.7.; ITU-T Y.1540 პარაგრაფი  6.;  ETSI EG 202 057-4.

4. საცალო მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებული მობილური ინტერნეტ-მომსახურების პირობები უნდა შეიცავდეს მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების დაყოვნების პარამეტრს.

5. მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას საცალო მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი სარეკომენდაციოდ იყენებს დაყოვნებისთვის განსაზღვრული  საერთაშორისო სტანდარტს-  ITU-T Y.1541 პარაგრაფი  5.3, 5.3.6, 5.3.7.; ITU-T Y.1540 პარაგრაფი  6; ETSI EG 202 057-4;

6. საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს, რომ საბითუმო ინტერნეტის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირობებთან ერთად შეიცავდეს მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების შესახებ შემდეგ პარამეტრებს:

ა) ჯიტერი;                                                             

ბ) დაყოვნება;                                                                                                  გ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი;

დ) მომსახურების ხელმისაწვდომობა.

7. საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი და ამ მომსახურების მიმღები ავტორიზებული პირი უზრუნველყოფენ საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებას/მიღებას გამოყოფილი არხის მეშვეობით. 

მუხლი 4. ტრაფიკის მართვა

1. საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უფლება და შესაძლებლობა, მომსახურების მეშვეობით მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და კონტენტი, ისარგებლოს და თავად მიაწოდოს აპლიკაციები და მომსახურებები, ისარგებლოს მომხმარებლის მიერ არჩეული ტერმინალური მოწყობილობით, განურჩევლად მომხმარებლის, ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის ადგილსამყოფელისა ან ინფორმაციის, კონტენტის, აპლიკაციის ან მომსახურების ადგილმდებარეობის, წარმომავლობის ან დანიშნულების ადგილისა. 

2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებისა და შესაძლებლობის შეზღუდვა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების კომერციული და ტექნიკური პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით და ასევე, ამ პირობებისგან განსხვავებული პირობებით შეთავაზებული მომსახურებებიდან მისთვის სასურველი მომსახურება.

3. საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი, უზრუნველყოფს ყველა ტრაფიკის გადაცემას თანაბრად, დისკრიმინაციის, შეზღუდვისა და ხელშეშლის გარეშე, განურჩევლად გამგზავნისა და მიმღებისა, მიღებული და გავრცელებული კონტენტისა, გამოყენებული ან მიწოდებული აპლიკაციებისა და მომსახურებებისა ან გამოყენებული ტერმინალური მოწყობილობისა.  

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელს, მიიღოს გონივრული ზომები ტრაფიკის სამართავად. მიღებული ზომები გონივრულად ჩაითვლება, თუ არის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და პროპორციული და არ გამომდინარეობს კომერციული მოსაზრებებიდან, არამედ ეფუძნება ტრაფიკის სპეციფიკური კატეგორიებისთვის მომსახურების ობიექტურად განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე ხარისხის  უზრუნველყოფას. ასეთი ზომები შეიძლება განხორციელდეს აუცილებელი ხანგრძლივობით.

5. საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელს, აქვს უფლება ტრაფიკის სამართავად მიიღოს ზომები, რომლებიც სცდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გონივრული ზომების ფარგლებს, მხოლოდ აუცილებელი ხანგრძლივობით, შემდეგი მიზნებით:

ა) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, სასამართლოს გადაწყვეტილების ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების მიზნით;

ბ) მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის, ქსელით მიწოდებული მომსახურებებისა და თავად ქსელის ინტეგრაციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით;

გ) ქსელის მოსალოდნელი გადატვირთვის თავიდან აცილების და ქსელის მნიშვნელოვანი ან დროებითი გადატვირთვის შედეგების შემცირების მიზნით, იმ პირობით, რომ ერთგვაროვანი კატეგორიების ტრაფიკის გადაცემა მოხდება თანაბარი პირობებით.

6. საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია სრულად და ტრაფიკის მართვის ღონისძიების გამოყენებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) ინფორმაცია აღნიშნული ზომების გამოყენების თაობაზე.  

მუხლი 5.  ინტერნეტ მომსახურების ხარისხის შემოწმების სისტემა

1. კომისია ადგენს მიწოდებული საცალო ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის პარამეტრების შესაბამისობას ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებთან ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემის მეშვეობით.

2. ამ წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული  მონაცემების დამუშავების მიზნით, კომისია ამოწმებს საცალო მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის ისეთ პარამეტრებს, რომელთა საცალო მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში ასახვის ვალდებულება მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელს ამ წესების შესაბამისად არ გააჩნია.

3. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემის მიზანია მომხმარებლებისთვის ინტერნეტ მომსახურების ხარისხის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის ზედამხედველობა.

4. კომისია უზრუნველყოფს ინტერნეტ - მომსახურების ხარისხის შემოწმების ისეთი სისტემის დანერგვას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მომხმარებლის მიერ (საკუთარი სამომხმარებლო ტერმინალური მოწყობილობით) და კომისიის მიერ (ფიქსირებული ქსელის მომხმარებელთან განთავსებული მოწყობილობით) განხორციელებული შესაბამისი სატესტო გაზომვების დაწყებამდე და გაზომვების პერიოდში, მოიპოვოს (ამოიღოს), გაანალიზოს და შეინახოს მონაცემები ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ-ქსელში და ინტერნეტ-მონიტორინგის სისტემის ფარგლებში არსებული ისეთი ფაქტორების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს გაზომვების შედეგად მიღებული მონაცემების სიზუსტესა და სანდოობაზე.

5. კომისია უზრუნველყოფს, რომ ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით კომისიის მიერ დანერგილ სისტემას ჰქონდეს შესაძლებლობა, გაზომვების დაწყებამდე და გაზომვების პროცესში მოიპოვოს /გაანალიზოს და შეინახოს შემდეგი მონაცემები:  

ა) სამომხმარებლო ტერმინალური მოწყობილობისა და/ან კომისიის მიერ მომხმარებელთან განთავსებული მოწყობილობის ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის ქსელთან (ქსელის ტერმინაციის წერტილთან) დაერთების მეთოდის (მათ შორის, არასწორი, გაზომვებისათვის განსაზღვრული მეთოდოლოგიის დარღვევით დაერთების) შესახებ;

ბ) ინფორმაცია გაზომვების ჩატარების დროს სერვერის (რომლის მიმართულებითაც ხდება სატესტო ტრაფიკის გენერირება) და/ან ტესტირებისათვის გამოყოფილი შემაერთებელი არხის დატვირთულობის შესახებ.

6. ისეთი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, რომლებმაც შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს გაზომვების შედეგად მიღებული მონაცემების სიზუსტესა და სანდოობაზე, მათ შორის, პარალელური ტრაფიკის არსებობის შემთხვევაში, ტესტირების (გაზომვების) პროცესი უნდა შეწყდეს ან მიღებული შედეგები არ უნდა იქნას გათვალისწინებული შესაბამისი მიზეზის მითითებით.

7. ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების მიზნით, ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის სისტემის მოწყობილობები კომისიის მიერ განთავსებული უნდა იყოს ინტერნეტ ტრაფიკის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის წერტილებში.

8. ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოს ჩართვა ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემასთან  კომისიის მიერ განსაზღვრულ ინტერნეტ ტრაფიკის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის წერტილში.

9. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემა ზომავს მომსახურების ხარისხის პარამეტრებს ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის ქსელში და მის კავშირს იმ წერტილებში, სადაც კომისიის მიერ განთავსებული იქნება მომსახურების მიწოდების ხარისხის სისტემის მოწყობილობები;

10. გაზომვების ჩატარება შეუძლია კომისიას, აბონენტს და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელს კომისიის მიერ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემის მეშვეობით, შემოწმების ჩატარების მეთოდოლოგიის პირობების შესაბამისად.

11. კომისია უფლებამოსილია ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელს დაავალოს ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის კონკრეტული პარამეტრის გაუმჯობესება, თუ ხარისხის პარამეტრი არსებითად განსხვავდება წესების მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული მაჩვენებლებისაგან.

12. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემის აღწერილობასა და შემოწმების მეთოდოლოგიას კომისია აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

13. კომისიის მიერ ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემის ფარგლებში ხდება შემდეგი პარამეტრების შემოწმება:

ა) ატვირთვისა და ჩამოტვირთვის დაკავშირების სიჩქარე;

ბ) დაყოვნება;

გ) ჯიტერი;

დ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი.

14. გაზომვები, უნდა ჩატარდეს ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის ქსელის ტერმინაციის წერტილთან სადენიანი  მიერთებით და არა Wi-Fi როუტერით მიწოდებულ მომსახურებაზე.

15. მომხმარებლის მიერ ჩატარებული გაზომვების რაოდენობა მეტი სიზუსტისა და მოკლე-ვადიანი ხარვეზის გამორიცხვის მიზნით არ უნდა იყოს 24-ზე ნაკლები 2 დღის განმავლობაში და 12-ზე ნაკლები 1 დღის განმავლობაში.

16. გაზომვები განაწილებული უნდა იყოს დროში.

მუხლი 6. ინტერნეტ-მომსახურების შეუსაბამო ხარისხის გასაჩივრება

1. მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას საჩივრით საცალო ინტერნეტ-მომსახურების შეუსაბამო ხარისხის თაობაზე შემდეგი გარემოებების ცალ-ცალკე ან ერთობლივად დადგომისას:

ა) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ შემთხვევაში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მაქსიმალური სიჩქარე;

ბ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე;

გ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ შემთხვევაში მაინც დაფიქსირდა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარე.

დ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები  ჯიტერის მაჩვენებელი;

ე) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები დაყოვნების მაჩვენებელი;

ვ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი.

2. მომხმარებლის მიერ კომისიაში წარდგენილ საჩივარს თან უნდა ერთვოდეს განხორციელებული გაზომვების შედეგები, რომლებიც განხორციელებულია საჩივრის კომისიაში წარდგენამდე არაუადრეს 30 დღისა.  

3. საჩივრის მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს დამატებითი გაზომვები. კომისიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ დაშვება, როგორც მომხმარებლის ტერმინალურ აპარატურაზე, ასევე ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის  ქსელზე, რათა დაადგინონ, შეესაბამება თუ არა მომსახურების მიწოდების ხარისხის პარამეტრები მომხმარებელთან კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ხარისხის პარამეტრებს.

4. გაზომვები ხორციელდება 24 საათის განმავლობაში მომსახურების მიწოდების ადგილზე შემდეგი პირობების დაცვით:

ა) გაზომვები ხორციელდება კომისიის აპარატურით ქსელის ტერმინაციის წერტილზე სადენიან მიერთებაზე;

ბ) გაზომვების დროს მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა გამორთულია;

გ) გაზომვების რაოდენობა მეტი სიზუსტისა და მოკლე-ვადიანი ხარვეზის გამორიცხვის მიზნით არ უნდა იყოს 24-ზე ნაკლები;

დ) გაზომვები განაწილებული უნდა იყოს დროში. 

მუხლი 7. შეუსაბამო ხარისხის ინტერნეტ-მომსახურება

1. ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის პარამეტრების შემოწმების დროს ხდება შეუსაბამო ხარისხის მომსახურების გამოვლენა ამ წესების შესაბამისად.

2. შეუსაბამო ხარისხის ინტერნეტ-მომსახურებად ითვლება მომსახურება, თუ კომისიის მიერ ამ წესების დაცვით ჩატარებული გაზომვების შედეგად დაფიქსირდა შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც:

ა) კომისიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ შემთხვევაში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მაქსიმალური სიჩქარე;

ბ) კომისიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების ფაქტობრივად ხელმისაწვდომი  სიჩქარე;

გ) კომისიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ შემთხვევაში მაინც დაფიქსირდა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარე.

დ) კომისიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები ჯიტერის მაჩვენებელი;

ე) კომისიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა  ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები დაყოვნების მაჩვენებელი;

ვ) კომისიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი.

მუხლი 8. მომხმარებლისთვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის პარამეტრების  მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფა

  1. ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კომისიაში ყოველწლიურად ელექტრონულად წარმოადგინოს ინფორმაცია მომხმარებლისათვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის პარამეტრების შესახებ, კომისიის მიერ განსაზღვრული  ანგარიშგების შესაბამისი ელექტრონული ფორმის სახით, არაუგვიანეს ყოველი წლის 20 იანვრისა. ეს ინფორმაცია საჯაროა და თავსდება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  2. კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მარტივად გასაგები ფორმით ქვეყნდება შემდეგი  მონაცემები:

ა) ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი მონაცემები მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების მიწოდების ხარისხის პარამეტრების შესახებ;

 ბ) ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემის გამოყენებით კომისიის მიერ ჩატარებული გაზომვის შედეგები, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე.                                               

მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

  1. საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა 2018 წლის 15 აგვისტომდე.
  2. საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომხმარებლებთან სხვა ფორმით შეთანხმებული მომსახურების პირობების ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა 2018 წლის 15 აგვისტომდე.

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები