„მობილური და ფიქსირებული ქსელებისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) დადგენის თაობაზე’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N592/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 655 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2018 9:54

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2018

მობილური და ფიქსირებული ქსელებისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების  (WACC)  დადგენის თაობაზე’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N592/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „WACC-ი სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის დგინდება კომისიის გადაწყვეტილებით“. ამავე დადგენილების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, WACC-ის გაანგარიშების მიზნებისთვის, კომისია უფლებამოსილია ისარგებლოს საკონსულტაციო ან აუდიტორულ  კომპანიის მომსახურებით. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის  N592/9 გადაწყვეტილებით „მობილური და ფიქსირებული ქსელებისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების  (WACC)  დადგენის თაობაზე“ მობილური ქსელისთვის დაბეგვრამდე კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება დადგინდა 13.72 პროცენტის ოდენობით, ხოლო  ფიქსირებული ქსელისთვის - 13.69 პროცენტის ოდენობით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  მობილური, ფიქსირებული და NGA ქსელისთვის   კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (შემდგომში „WACC“) გაანგარიშების  მიზნებისთვის 2017 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი.  ტენდერში გაიმარჯვა საკონსულტაციო კომპანია „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)”-მა, რომელმაც სატენდერო პირობების შესაბამისად წარმოადგინა WACC-ის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკონსულტაციო დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ვებ გვერდზე 2018 წლის 9 აგვისტოს http://gncc.ge/uploads/other/3/3216.pdf. 2018 წლის 30-31 ივლისს  კომისიაში მოწვეულნი იყვნენ ოპერატორები, სადაც „PwC“-ის სლოვაკეთის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა ზემოაღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვა.

2018 წლის 16  აგვისტოს  წერილით შპს „მაგთიკომს“,  სს „სილქნეტს“,  შპს „კავკასუს ონლაინს“,  შპს „დელტა კომმს“,  შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“,  შპს „რკინიგზის ტელეკომს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ გაეგზავნათ აღნიშნული  საკონსულტაციო დოკუმენტი. რასთანაც დაკავშირებით ეთხოვათ კომისიაში არგუმენტირებული შენიშვნების და კომენტარების წერილობით გამოგზავნა.  ოპერატორების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე და კომენტარებზე  კონსულტანტების მიერ გაცემული პასუხები გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ვებ გვერდზე 2018 წლის 19 სექტემბერს  http://gncc.ge/uploads/other/3/3253.pdf.

„Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)”-მა  2018 წლის 9 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/5214-18) უზრუნველყო კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშების მეთოდოლოგიის და გაანგარიშების შედეგების კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ვებ გვერდზე 2018 წლის 10 ოქტომბერს http://gncc.ge/uploads/other/3/3278.pdf . 2018 წლის  23 ოქტომბერს კომისიაში „PwC“-ის სლოვაკეთის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა ზემოაღნიშნული შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა.

„Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)” მიერ წარმოდგენილ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშების მეთოდოლოგიისა  და შედეგების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშების მეთოდოლოგია ეფუძნება დამოუკიდებელ მარეგულირებელთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშების სახელმძღვანელო მითითებებს. „WACC“–ის გაანგარიშების პრინციპები სრულ შესაბამისობაშია ევროპის სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილ საუკეთესო პრაქტიკასთან.

კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება  საკუთარი კაპიტალისა და ნასესხები კაპიტალის (ვალდებულებების) შეწონილი ღირებულების საფუძველზე იანგარიშება. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება  გამოითვლება, როგორც  საგადასახადო დაბეგვრის  გათვალისწინებით, ასვე  მისი გათვალისწინების გარეშეც. ევროპის სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაწესებული საუკეთესო პრაქტიკას მიხედვით ტარიფების გაანგარიშებისას კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების  დაბეგვრამდე მაჩვენებელი უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ტარიფების გაანგარიშების  „LRIC“ მოდელში მოგების გადასახადი დანახარჯებში არ გაითვალისწინება. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების არითმეტიკული გაანგარიშების ფორმულა, როგორც დაბეგვრის გათვალისწინებით, ისე დაბეგვრის გათვალისწინების გარეშე შემდეგია:

WACC=Re x We +Rd x (1-T) x Wd

                                          (1)

Wd=D/(D+E)

We=E/(D+E)

დასაბეგრი WACC=დაბეგრილი WACC/(1-T)

სადაც,

  • Rd – მოზიდული კაპიტალის ღირებულების პროცენტული მაჩვენებელი;
  • Re – ინვესტიციაზე საჭირო უკუგების (დაბეგვრის შემდგომი) პროცენტული მაჩვენებელი;
  • We – საკუთარი კაპიტალის წილი დატვირთულ კაპიტალში;
  • Wd – მოზიდული კაპიტალის წილი დატვირთულ კაპიტალში;
  • D – მოზიდული კაპიტალის საბაზრო ღირებულება;
  • E – საკუთარი კაპიტალის საბაზრო ღირებულება;
  • t – მოგების გადასახადის ეფექტური განაკვეთი.

                კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშება შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • ვალდებულებების კოეფიციენტისა (Wd) და საკუთარი კაპიტალის კოეფიციენტის (We) შეფასება;
  • ვალდებულებებისა (Rd) და საკუთარი კაპიტალის (Re) ღირებულების განსაზღვრა.

„Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)”  2018 წლის 2018 წლის 9 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/5214-18) წერილით (დანართი N1)  წარმოდგენილი კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშების მიხედვით კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება შეადგენს  14.95 პროცენტს კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების ზემოთ განსაზღვრული ოდენობა გამოყენებული იქნა ასევე „NGA“ და „NGN“ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების ტარიფები   ტარიფების გაანგარიშების  „LRIC“ მოდელში.

სატელეკომუნიკაციო სექტორში მიმდინარე ტენდენციების, კერძოდ ფიქსირებული და მობილური ქსელების კონვერგენციის და სხვადასხვა  ქსელის კომპანიების გაერთიანებების გათვალისწინებით, სატელეკომუნიკაციო მომსახურებებისთვის ცალ-ცალკე/განსხვავებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების დადგენა აღარ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად,  მობილური, ფიქსირებული და NGA   ქსელისთვის   კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების ერთიანი კოეფიციენტის გაანგარიშება განხორციელდა.

გაანგარიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია  მოცემულია  დანართი N1-ში (კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშების მეთოდოლოგია და შედეგები).

კომისია იზიარებს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის  მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას სატელეკომუნიკაციო მომსახურებებისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების WACC-ის გაანგარიშების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 63-ე, VI და VII თავების და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება  კომისიის  2017  წლის  5 სექტემბრის N592/9 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების  პირველი   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება დადგინდეს 14.95 პროცენტის ოდენობით“;

2.  „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)”  2018 წლის 2018 წლის 9 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/5214-18) წარმოდგენილი კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გაანგარიშება (ამ გადაწყვეტილების დანართი N1) ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).      

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

თანდართული დოკუმენტები: