რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-19-4 / 579

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2019 12:45

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3482, 21.08.19) რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  №F11  ლიცენზიის  გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;

ბ) დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის; გ) გეოგრაფიული ზონა:  საქართველო;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიის  2019  წლის  5  სექტემბრის  №გ-19-23/ 511 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 3 ოქტომბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე. ამავე გადაწყვეტილებით რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს 2019 წლის 3 ოქტომბრამდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის№F11 ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირულ დიაპაზონში მონიტორინგის ჩატარება და დასკვნის წარმოდგენა დაევალა.

კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის (საქმე №3/3358-13) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომისიის 2019 წლის 10 სექტემბრის Nგ-19-19/513 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის 1,321,890.04 (მილიონ სამასოცდაერთი ათას რვაასოთხმოცდაათი და 04) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2019 წლის 15 სექტემბრამდე განესაზღვრა, რაც კომპანიას არ გადაუხდია. შესაბამისად, კომისიის 2019 წლის 24 სექტემბრის Nგ-19-03/2863 წერილით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს, კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადაეცა 2019 წლის 24 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი Nგ-19-03/2853 (მოვალე: სს „გაერთიანებული ტელეკომი).

კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი კახი ყურაშვილი.

კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-1913,  02.10.2019)  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის №F11 ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირულ დიაპაზონში მონიტორინგის ჩატარების თაობაზე, რომლის თანახმადაც დეპარტამენტის ინჟინრების მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე (ახალქალაქი, ახალციხე, ბათუმი, ბორჯომი, ჩოხატაური, დმანისი, გორი, ლაგოდეხი, მარნეული, ოზურგეთი, ქუთაისი, დედოფლისწყარო, რუსთავი, საჩხერე, თელავი, დუშეთი, ურთას მთა, თბილისი) 12.09.2019 – 01.10.2019 პერიოდში ჩატარებული იქნა რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოები. შედეგად დადგინდა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ №F11 ლიცენზიით გათვალისწინებული 827.955 მჰც ÷ 831.645 მჰც და 872.955 მჰც ÷ 876.645 მჰც სიხშირული ზოლები არ გამოიყენება, ვინაიდან აღნიშნულ დიაპაზონებში რადიოელექტრონული გადამცემი მოწყობილობების პრაქტიკული ფუნქციონირება არ დაფიქსირებულა.

კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კომისიის 2019 წლის 10 სექტემბრის №გ-19-19/513 გადაწყვეტილების თანახმად კომპანიას 2019 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გადაეხადა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილი 1,321,890.04 (მილიონ სამასოცდაერთი ათას რვაასოთხმოცდაათი და 04) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. კომისიის სხდომაზე აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის წამყვანი ბუღალტერის ნატალია ჯანელიძის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ 2019 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ აღნიშნული თანხა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი არ აქვს.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ დაუყოვნებლივ უნდა დაიფაროს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილი 1,321,890.04 (მილიონ სამასოცდაერთი ათას რვაასოთხმოცდაათი და 04) ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის დაუყონებლივ გაგზავნა.

2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1. გაუქმდეს სს ”გაერთიანებულმა ტელეკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილება;

2. უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის 1,321,890.04 (მილიონ სამასოცდაერთი ათას რვაასოთხმოცდაათი და 04) ლარის დაუყოვნებლივ გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების  მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის  დაუყონებლივ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით);

5.   გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   აღნიშნული   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” ჩაბარების დღიდან;

6.      გადაწყვეტილება      შეიძლება      გასაჩივრდეს      ქ.თბილისის      საქალაქო      სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–

12 კმ; №6) სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

გიორგი ფრუიძე  წევრი

კახი ბექაური   თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები: