„სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ნომერი: 47 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2019 16:40

მიღების თარიღი იანვარი 31, 2019

სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და  პოზიციების  ნუსხის  დამტკიცების  თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში მიმდინარეობს  ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლების პროცესი. აღნიშნული პროცესი გულისხმობს კომისიის დასაქმებულთა ყოველდღიური სამუშაო პროცესების აღწერასა და ოპტიმიზაციას, სამუშაო დატვირთვის ანალიზს, თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, მათი შესაძლებლობების ოპტიმალურად გამოყენებას და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2019 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებით შევიდა ცვლილება კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში“, რომლის თანახმადაც კომისიის აპარატში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო. მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ა) კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კომისიის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა; ბ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების თაობაზე ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით;  გ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო სტანდარდებთან ჰარმონიზაციის თაობაზე;

აღნიშნული მიმართულებების გათვალისწინებით, მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებად განისაზღვრა: ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება  კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; ბ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრის თაობაზე; გ) ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის მიერ მომზადებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე შესაბამისი  მოსაზრებების წარმოდგენა; დ) კომისიის დავალების საფუძველზე საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო სტანდარდებთან ჰარმონიზაციის თაობაზე;  ვ)  კომისიის სიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური  მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა.

ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხას დაემატოს ახალი სტრუქტურული ერთეული, სამი (3) დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციის შემადგენლობით:

  • მრჩეველი კომისიის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერის მიმართულებით - შმკ  40;
  • მრჩეველი რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის სტრატეგიული განვითარების  მიმართულებით  - შმკ 40;
  • მრჩეველი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით - შმკ 30.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა აისახოს შესაბამისი ცვლილებები.

კომისიამ ასევე შეისწავლა ორგანიზაციული გაუმჯობესებისა და პროცესების ოპტიმიზაციის პროცესში რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის ზოგიერთი ფუნქციის ახლებურად გადანაწილების საკითხი. რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტში არსებული პოზიციების  ფუნქციონალური ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრის მართვის პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების ხელმძღვანელის საშტატო ერთეულის გაუქმება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ერთეულისთვის განსაზღვრული ფუნქცია ამავე გადაწყვეტილებით განესაზღვრება მრჩეველს რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის სტრატეგიული განვითარების  მიმართულებით, კომისიის აპარატის ახალ სტრუქტურულ ერთეულში, მრჩეველთა საბჭოში.

კომისიამ ასევე განიხილა პოზიციების ნუსხაში ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის წამყვანი პროგრამისტის პოზიციის ფუნქციონალური ცვლილების საკითხი. კერძოდ, ინფორმაციული ტექნოლოგიები სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ინიციატივების განსახორციელებლად და სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისთვის,  კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N680/19 გადაწყვეტილებით, შეიქმნა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტის (მთავარი პროგრამისტი) პოზიცია.  აღნიშნული პოზიციისადმი გაწერილი ფუნქციებისა და   ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციების ანალიზის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში არსებული წამყვანი პროგრამისტის პოზიცია (შმკ 20) მოდიფიცირდეს ქსელური ინფრასტრუქტურის მართვის მიმართულებით და ფუნქციები განისაზღვროს აღნიშნული მიმართულებით.   შესაბამისად, უნდა  შეიცვალოს მისი სახელწოდება   და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:  ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტი- შმკ 20. 

კომისიამ შეისწავლა მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებიც. აღნიშნული დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანებისა და გამოწვევების გათვალისწინებით,  ასევე  იმის გათვალისწინებით, რომ  მედიაწიგნიერება წარმოადგენს ახალ მიმართულებას საქართველოსთვის, ხოლო  შრომის ბაზარზე ამ მიმართულების სპეციალისტების ნაკლებობაა, კომისიას  მიზანშეწონილად მიაჩნია მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის პოზიციის (შმკ 20) ცვლილება მთავარი სპეციალისტის პოზიციად, ხოლო შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტი 20-ის ნაცვლად განისაზღვროს 30-ით, რათა შესაძლებელი გახდეს კომისიაში უფრო კვალიფიციური და მზარდი კადრების მოზიდვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყევტილების პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა“ თანდართული ფორმით (დანართი 1);     

2. ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყევტილების მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს კომისიის პოზიციების ნუსხა თანდართული ფორმით (დანართი 2);

3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე