ნოემბერი 27, 2019 11:26

კომუნიკაციების კომისია მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს. კონკურსის პარალელურად, ათამდე სკოლაში მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ ტრენინგებს ჩაატარებენ.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში მათ შორის - ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “fake news”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, კომისია კი გამარჯვებულებს შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს Iphone 11 Pro, მეორე ადგილის მფლობელს Ipad 10.2, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - tiny.cc/oggb6y.

კომუნიკაციების კომისია კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეორედ ატარებს. ამჯერად კონკურსის სასწავლო კომპონენტიც დაემატა. კერძოდ, კონკურსის პარალელურად განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები ათამდე სკოლაში შევლენ და ტრენინგებს ჩაატარებენ.  ტრენინგის ფარგლებში, ბავშვები ისწავლიან, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები.  აღნიშნული შეხვედრები მოზარდებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაში დაეხმარება.

დავალების წარმოსადგენად კონკურსის მონაწილეებს  თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა.  აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე https://www.facebook.com/MediaLiteracy.GNCC/  და კომისიის ვებ გვერდზე www.gncc.ge .

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები