25 აგვისტოს 10:00 საათზე ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთის და მცხეთა-თიანეთში გაითიშება

აგვისტო 24, 2015 15:35

ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის გადამცემი სადგურები ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთის და მცხეთა-თიანეთში გაითიშება 2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე გაითიშება. ეს ბოლო სამაუწყებლო ზონების ჩამონათვალია, სადაც ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ითიშება.

ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა საქართველოს თხუთმეთ ქალაქში (ქ. გორი. ქ. ხაშურ. ქ. ზესტაფონი, ქ. ქუთაისი ქ. ფოთი, ქ. ოზურგეთი, ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქ. ზუგდიდი, ქ. ახალციხე, ქ. ბორჯომი, ქ. მარბეული, ქ. თელავი, ქ. ყაზბეგი და ქ. თიანეთი) ადგილობრივ მოსახლეობას  ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე  გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი აგრძელებს მუშაობას რეგიონებში და ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის გავრცელების და დაფარვის არეალის შესახებ მონიტორინგის შედეგები მოგვიანებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე დამტკიცდება  გადაწყვეტილებით და გამოქვეყნება საჯაროდ.