ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული არხების ყურებადობა მკვეთრად შემცირდა

ნოემბერი 20, 2017 15:22

შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებით 2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) შემცირებულია 9.37%-ით.

ამავე პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების* ყურებადობა გაიზარდა 26.67%-ით.

2017 წლის ოქტომბერში შემცირებულია ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე და შეადგენს 65.5%-ს, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში შეადგენდა 75%-ს. ამავე პერიოდებში უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი გაიზარდა: 2016 წლის ოქტომბერში მათი წილი შეადგენდა 25%-ს და 2017 წლის ოქტომბერში შეადგენს 34.5%-ს.  

2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით TOP 10 ქართულ არხებს მაყურებელი შეუმცირდა 21.16%-ით. TOP 10 ქართულ არხის აუდიტორიის წილი ბაზარზე შეიცვალა შემდეგი სახით:

  1. ტელეიმედის წილი გაიზარდა 23.4%-დან 26%-მდე;
  2. რუსთავი 2-ს შეუმცირდა 25%-დან 18.2%-მდე;
  3. კომედი ტვ-ს შეუმცირდა 5.1%-დან 3.5%-მდე;
  4. ჯი დი ეს ტვ-ს გაეზარდა 3%-დან 3.4%-მდე;
  5. პირველ არხს შეუმცირდა 2.5%-დან 2%-მდე;
  6. მაესტროს შეუმცირდა 4%-დან 0.7%-მდე;
  7. მარაოს შეუმცირდა 1.9%-დან 1.7%-მდე;
  8. ტვ პირველს გაეზარდა 1.2%-დან 1.8%-მდე;
  9. სილქ იუნივერსალს გაეზარდა 0.9%-დან 1%-მდე;
  10. პალიტრა ნიუსს გაეზარდა 0.6%-დან 0.8%-მდე.  

 

* უცხოური არხები და საკაბელო ოპერატორების ქართული კინო და სპორტული არხები

** სამიზნე აუდიტორია 4+