ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეგიონებში მოსახლეობასთან დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრები 14-15 ივლისი იმერეთში და გურიაში გაიმართება

ივლისი 13, 2015 19:19

2015 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მასშტაბით დაიწყო ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება.
ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.

რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას  ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე  აცნობენ.

პირველი გასვლითი  შეხვედრა 6 ივლისს,  გორსა და ხაშურში გაიმართა.  შიდა ქართლის შემდეგ, გრაფიკის მიხედვით  18 ივლისს,  დილის 10:00 საათიდან,   ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი ითიშება ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში, აგრეთვე გაითიშება აბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხობის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.  შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები აღნიშნულ რეგიონებში ორი დღით ადრე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ( 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.

გაციფრულების შესახებ,  სხვა საშუალებებთან ერთად, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ციფრულ მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა  და კომერციული მულტიპლექს ოპერატორის - ,,სტერეო +’’ -ის ცხელ ხაზებზე:

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო:  1480 , 2 2414 80, 2 251480; 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:  2 9911 49, 2 991041, 2 991058;

,,სტერეო +’’  2 051212;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური  2 399505.

შეგახსენებთ,  რომ ანალოგურიდან ციფრულ  მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო  საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.

14 ივლისი, სამშაბათი

13:00 სთ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

მისამართი:  ზესტაფონი, ლაღიძის ქ. №22, პირველი სამუსიკო სასწავლებელი

მოწვეულია ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულისა და ტყიბულის საზოგადოება

16:30 სთ - ქ. ქუთაისი

მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.№3, მერიის ადმინისტრაციული შენობა,

მოწვეულია ქუთაისის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანის და ბაღდათის საზოგადოება

15 ივლისი, ოთხშაბათი

12:00 სთ - ქ. ფოთი

მისამართი:  ქ. ფოთი, წმ. ნინოს ქ.№6, ქ. ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა

მოწვეულია ფოთის, აბაშის, სენაკის, ხობისა და მარტვილის საზოგადოება

16:00 სთ - ქ.ოზურგეთი

მისამართი:  ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1, მერიის ადმინისტრაციული შენობა მოწვეულია ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის საზოგადოება