ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

ივლისი 07, 2015 15:13

6 ივლისს ქალაქ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები  გაიმართა. შიდა ქართლის მოსახლეობას საქართველოში ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ და მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა  მიაწოდეს.

საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 2015 წლის 1-ელ ივლისს თბილისის სამაუწყებლო ზონით  დაიწყო და 25 აგვისტოს  საქართველოს მთელი ტერიტორიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით დასრულდება.

2015 წლის 9 ივლისს, დილის 10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება გორში, ბეკამში, დუშეთსა და ხაშურში, აგრეთვე გაითიშება გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები. შეხვედრის მიზანი შიდა ქართლის ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო და ასევე, საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაციით, პრაქტიკული და ტექნიკური ახსნა-განმარტებების მიცემა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს მთავრობის N723 დადგენილების შესაბამისად ანალოგური მიწისზედა სიგნალის გამორთვის გრაფიკის მიხედვით საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ფოტოალბომი: