განცხადება

ოქტომბერი 09, 2015 11:06

ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დასრულდა. შპს „ტელერადიოცენტრი“ ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის პერიოდში, დროებით პარალელური მაუწყებლობის რეჟიმში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებისა ავრცელებდა ორ ეროვნულ ტელემაუწყებელს (შპს  სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეიმედი“) და იმ ადგილობრივ ტელეკომპანიებს (შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“, შპს „კომედი ტვ“ და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ - „ტაბულა“), რომლებმაც უარი თქვეს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე.

ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანიები დღეს საზოგადოებისთვის ღია ეთერით ხელმისაწვდომია, როგორც შპს „ტელერადიოცენტრის“ ციფრულ სამაუწყებლო ქსელში, ასევე, კერძო მულტიპლექს ოპერატორის შპს „სტერეო+“-ის ქსელშიც.

12 ოქტომბერს 10:00 საათზე შპს „ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექს პლათფორმიდან გამოირთვება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“, შპს კომედი ტვ“-ს, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „სამოქალაქო განათლების ფონდი“ - „ტაბულას“ სიგნალი. აღნიშნული ტელეკომპანიების ღია ეთერით ციფრული სამაუწყებლო ქსელით გავრცელებას უზრუნველყოფს შპს „სტერეო +“-ის ქსელი.

12 ოქტომბრის 10:00 საათის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“, შპს “კომედი ტვ“-ს, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „სამოქალაქო განათლების ფონდი“ - „ტაბულას“ პროგრამების მიღების შეფერხების შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს პროგამების ჩამონათვალი, თუ ვერ მოიძებნა აღნიშნული არხები, ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა სეთ-თოფ ბოქსი ხელმეორედ ავტომატური ძებნის რეჟიმზე უნდა გაეშვას. თუ აღნიშნული მანიპულაციის შემდეგაც ვერ მოხერხდა ხსენებული არხების ხელმეორედ დაჭერა სატელეფონო კონსულტაციისთვის მიმართეთ  შპს „სტერეო +“-ის ცხელ ხაზის ნომრზე - 205 12 12.