ინტერნეტის საბითუმო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები განახევრდა

დეკემბერი 26, 2017 15:04

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის განცხადების შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფების დაწესების მიმართულებით, კომისია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერებთან პირველი ეტაპის სამუშაო პროცესის დასრულების შედეგად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურებაზე არსებული ტარიფი, 32 ლარის ოდენობით, 30 დეკემბრიდან განახევრდება. 

ცხრილში წარმოდგენილია ამ მომსახურების ყველაზე დიდი პროვაიდერის  შპს „კავკასუს ონლაინის“ დაწესებული ტარიფების შემცირების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 

სიმძლავრე მგბ/წმ-ში

2017 წლის პირველ ივნისამდე (ლარი)

2017 წლის პირველი ივნისიდან (ლარი)

2017 წლის 30 დეკემბრიდან (ლარი)

ტარიფის შემცირება, (ლარი)

ტარიფის შემცირება, %-ში

1-50

32

28

19

13

40%

51-100

32

27

18

14

44%

101-200

31

26

17

14

45%

201-500

30

25

16

14

47%

501-2000

29

23

15

14

48%

2001-10 000

29

22

14.5

14.5

50%

კომისია ასევე აგრძელებს მუშაობას ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კომპლექსური კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, რაც ინტერნეტის საცალო  მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების რეგულირებას ითვალისწინებს, მათ შორის: მაგისტრალურ არხებთან დაშვებას, ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილებთან დაშვებას.   

აღნიშნული მიზნების უზრუნველსაყოფად, NGA-და NGN  ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების, ოპტიკური კაბელის/ძარღვის იჯარის,  „Ethernet“  და “DWDM“  მონაცემების გადაცემის მომსახურების, მათ შორის,  „lambda”-ს მომსახურების ტარიფების  მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯების „LRIC“  მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე კომისიამ ტენდერი გამოაცხადა. 

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში,  ბაზრის მონაწილეებთან და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შედეგად, კომისია მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯების LRIC მოდელს შეიმუშავებს, რომლის საშუალებითაც  საბითუმო მომსახურებებზე ტარიფები ეფექტური ოპერატორის მიერ გაწეული დანახარჯების საფუძველზე დადგინდება. 

კომისია უახლოეს მომავალში ასევე ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზარზე ალტერნატიული ოპერატორებისათვის დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების, მათ შორის მომავალი თაობის (NGA) პასიურ და აქტიურ  ქსელურ საშუალებებთან   დაშვების   პირობების მარეგულირებელი ერთიანი წესების შესახებ კომისიის დადგენილების  შემუშავებას გეგმავს.