ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებების დასადებად კომპანიებს 4 თვიანი ვადა განესაზღვრათ

მაისი 11, 2018 11:36

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების შესახებ დადგენილება მიიღო. კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, ძალაში 15 აგვისტოდან შევა. მანამდე კი ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. სწორედ ამის შემდეგ, დაიწყებს კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს და 24 საათიან რეჟიმში შეამოწმებს რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს.
ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის შექმნაზე კომისია უკვე 10 თვეა მუშაობს. კომისიის მიზანია მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდეთ ინტერნეტის ხარისხი და იმ თანხის ადეკვატური მომსახურეობა მიიღონ, რასაც პაკეტებში იხდიან. ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს და ნახავენ რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებ-გვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშე თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს. მათ შორის, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები.