ITU კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მეგა მონაცემების დამუშავების პროექტის განხორციელებაში ფინანსურად და ტექნიკურად დაეხმარება

ივლისი 25, 2018 16:13

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად, ITU-ს პროექტებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი კოსმას ზავაზავა და ICT მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი რატი სხირტლაძე მიიღო. შეხვედრაზე კომისიისა და ITU-ს მიერ განხორციელებული პროექტები და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. კახი ბექაურმა სტუმრებს მედიაწიგნიერების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და მედიალაბორატორიის პროექტი გააცნო.

შეხვედრისას განსაკუთრებეული ყურადღება მეგა მონაცემების დამუშავების თემას დაეთმო, რომელშიც კომისიას სწორედ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობით დიდი გამოცდილება აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის განვითარებაში აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეგა მონაცემების დამუშავების კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ სატელეკომუნიაციო ოპერატორებიდან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ზუსტად ასახავს მომხმარებლის ქცევას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობების სწორად დაგეგმვაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პერსონალური მონაცენების დაცვის მნიშვნელობა და ამ მხრივ უკვე გადადგული ნაბიჯები. კოსმას ზავაზავამ სრული მხარდაჭერა გამოხატა პროექტის მიმართ და მზადყოფნა გამოთქვა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირი ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში, როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული კუთხით.

საუბარი შეეხო ITU Academy-ისა და საქართველოს საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. მხარეებმა ისაუბრეს ე.წ. წარმატების ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კერა იქნება.