კომისია ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს დომენებზე www.mytbcbank.ge და www.itbcbank.ge მომხმარებელთა წვდომის შეზღუდვით მიმართავს

დეკემბერი 01, 2017 11:59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „თიბისი ბანკმა“ შპს „კავკასუს ონლაინისა“ და მოქალაქე ზურაბ მახარაშვილის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“, რომელიც ქვეყანასთან ასოცირებული ზედა დონის დომენის (.ge) რეგისტრატორ კომპანიას წარმოადგენს, ინტერნეტდომენები mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge და itbcbank.ge მოქალაქე ზურაბ მახარაშვილს დაურეგისტრირა, რის შემდეგაც დომენების მფლობელმა სს „თიბისი ბანკს“ აღნიშნული დომენების მიყიდვა შესთავაზა. სს „თიბისი ბანკს“, რომელსაც სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ნაწილები დაცული აქვს „საქპატენტში“, მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინტერნეტდომენები mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge წარმოადგენს სს „თიბისი ბანკის“ მფლობელობაში არსებული დომენების tbcbank.ge, tbc.ge, tbcbank.com.ge, tbc.com.ge დომენების მსგავსს. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „თიბისი ბანკმა“ შპს კავკასუს ონლაინს ზურაბ მახარაშვილის საკუთრებაში არსებული დომენების რეგისტრაციის გაუქმება მოთხოვა, რაზეც კომპანიამ უარი მიიღო.

კომისიამ აღნიშნული დავის განხილვა ინტერნეტ მომხმარებელთა დაცვის კუთხით დაიწყო, კერძოდ, კომისიის დადგენილების მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის თანახმად, ინტერნეტგვერდის დომენი არ უნდა იყოს დამაბნეველი, არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ინტერნეტგვერდის გადაფარვას და უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს.

კომისიამ მსჯელობის შედეგად მიიჩნია, რომ ზურაბ მახარაშვილის მფლობელობაში არსებულ დომენებზე mytbcbank.ge და itbcbank.ge განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია იქნება დამაბნეველი და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას გამოიწვევს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, კომისია ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს დომენებზე mytbcbank.ge და itbcbank.ge -ზე მომხმარებელთა წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით მიმართავს.