კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზრის კვლევა დაიწყო

იანვარი 31, 2019 18:54

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 3 თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის.

ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადებულია ცვლილებების პირველი პაკეტი, რომელიც ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების გარკვეული მომსახურებების დადგენას ითვალისწინებს. კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისათვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ამასთან 32 ლარიდან 13 ლარამდე დაიწია გლობალური ინტერნეტის საბითუმო რესურსებთან დაშვების მომსახურების ტარიფმა. ასევე, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა და უახლოეს მომავალში მონიტორინგს დაიწყებს. კომისია ნებისმიერ მომენტში განახორცილებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს, იმის დასადგენად, რამდენად ხარისხიან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის მომსახურებას აწვდის ოპერატორი მომხმარებელს. გადაცდომების შემთხვევაში კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მას მერე რაც, კომისიამ საბითუმო ბაზარზე ტარიფების რეგულირებისა და ასევე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის შესახებ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთა იმპლემენტაციით საბოლოო შედეგი 3-6 თვის შემდეგ დადგება, კომისიას საცალო ბაზრის კვლევა, როგორც ფიქსირებულის, ისე მობილური კომუნიკაციების მიმართულებით უნდა დაეწყო. თუმცა ოპერატორებმა ტარიფების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით პროცესი დააჩქარეს. მიუხედავად იმისა, რომ საბითუმო მომსახურებაზე ტარიფების შემცირებით ოპერატორებს მობილური და ფიქსირებული მომსახურების საცალო ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მიეცათ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, პირიქით, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ მობილური და ფიქსირებული ქსელის მომსახურებებზე საცალო ტარიფების გაზრდა დააანონსეს და საბითუმო ბაზრით საცალოზე კონკურენციის მიღების პროცესში, ფასების გაზრდას შეეცადნენ. აღნიშნულ საკითხს კომისია პრიორიტეტულად იღებს და კვლევის დასრულების შემდეგ გარკვეულ მომსახურებებზე ზღვრული ტარიფების შემოღებას არ გამორიცხავს.

საკითხის ზეპირი მოსმენა კომუნიკაციების კომისიაში 2019 წლის 18 აპრილს გაიმართება.