კომისიამ ორი ავტორიზებული პირი წერილობით გააფრთხილა, სამის მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

ოქტომბერი 09, 2017 13:44

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული ორი პირი შპს „ბასტიონი“ და შპს „ქეი ენდ ქეი თივი“ წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „თებელაინის“, შპს „ფლეი ნეტის“ და შპს „სქაი სერვის-Sky Setvice“-ის  მიმართ სანქციის დაკისრების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

კომისია ხუთივე კომპანიას ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის ვადების დარღვევას ედავებოდა. სანქციის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამმა კომპანიამ შპს „თებელაინმა“, შპს „ფლეი ნეტმა“ და შპს „სქაი სერვის-Sky Setvice“-მა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული  ინფორმაცია სრულად წარმოუდგინეს, შესაბამისად, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

რაც შეეხება შპს „ბასტიონი“ და შპს „ქეი ენდ ქეი თივი“, კომპანიები წერილობით გაფრთხილდნენ და 10 სამუშაო დღის ვადაში  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების შევსებული ფორმების კომისიაში წარმოდგენა დაევალათ.

ხუთივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.