კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა

მარტი 27, 2018 18:12

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა. საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, კომისიამ მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გადაცემაში „P.S.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“ მიერ მომზადებული კადრები გამოიყენა. გადაცემა ეხებოდა ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს, რომელმაც იაპონიაში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო.

გადაცემაში გამოყენებული იყო სპორტსმენის ჩართვა სკაიპით. სწორედ აღნიშნული მონაკვეთი იყო ნაჩვენები „რუსთავი 2“-ის ეთერში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო წაშლილი ჰქონდა.  „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვისას, 15 მარტის სხდომაზე კომისიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა და მაუწყებლებს ათდღიანი ვადა მისცა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, კომისიამ მსჯელობის შედეგად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა.