კომისიამ შპს „მაიფონი“ წერილობით გააფრთხილა

ნოემბერი 10, 2017 14:52

შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“  ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“  განცხადების განხილვის თაობაზე კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ,,მაიფონმა“ წარმოადგინა სამ სატელეფონო ნომერზე მისი ვებ-გვერდის მეშვეობით  გაფორმებული ხელშეკრულებები. წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ კომპანია სავარუდოდ არ ახდენდა აბონენტთა იდენტიფიცირებას, რის შედეგად სატელეფონო მომსახურებას აწვდიდა არაიდენტიფიცირებულ პირს სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მაიფონის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხი სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შესწავლილიყო.

 კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გაირკვა, რომ შპს ,,მაიფონის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება განხორციელდა მომსახურების მიმღებ მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების დადების გარეშე, კერძოდ შპს ,,მაიფონს“ არ დაუდია მომხმარებელთან დისტანციური გარიგება და არც წერილობითი სააბონენტო ხელშეკრულება.  „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის შესაბამისად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაიფონმა“ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულება დაარღვია, რის გამოც კომპანია წერილობით გააფრთხილა.