კომისიამ შპს „პალიტრა TV“-ს წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრი წარმოებაში არ მიიღო

აპრილი 18, 2016 18:25

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების -(ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „იდენტობა“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, საჩივარი შპს „პალიტრა TV“-ს წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო.

ზემოთ ხსენებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შპს „პალიტრა TV“-ს თვითრეგულირების ორგანოს მიმართეს განცხადებით ტელეკომპანიის ეთერში 2016 წლის 28 თებერვალს 20:00 საათზე გასული გადაცემის თაობაზე - „ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება“. მათი მოსაზრებით, გადაცემა იყო დისკრიმინაციული, რითაც მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“. შპს „პალიტრა TV“-მ, მართალია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრულ ვადაში განიხილა არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი, თუმცა თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში არ უზრუნველყო საჩივრის ხელმომწერი ორგანიზაციების განხილვის პროცესში მონაწილეობა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიჩნიეს, რომ რადგან შპს „პალიტრა TV“-ს თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში საჩივრის განხილვის პროცესში არ მოხდა მათი (არასამთავრობო ორგანიზაციების) ჩართვა, ვერ იქნა უზრუნველყოფილი საკითხის განხილვის ეფექეტიანი, გამჭვირვალე და დასაბუთებული რეაგირება, რის გამოც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომართეს საჩივრით შპს „პალიტრა TV“-ს წინააღმდეგ.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის ფარგლებში შექმნას საჩივრების განხილვის ორგანო, ასევე ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების - სააპელაციო ორგანო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „პალიტრა TV“-ს წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრი წარმოებაში მიღების თაობაზე, მხარეთა მონაწილეობით, მსჯელობის დროს გაირკვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების -(ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „იდენტობა“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, განცხადების თაობაზე მხოლოდ შპს „პალიტრა TV“-ს საჩივრების განხილვის ორგანომ იმსჯელა. არსამთავრობო ორგანიზაციებს შპს „პალიტრა TV“-ს საჩივრების განხილვის ორგანოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ მაუწყებლის სააპელაციო ორგანოში, რომლის სხდომაც შპს „პალიტრა TV“-ს წარმომადგენლის განცხადებით მიმდინარე წლის 25-27 აპრილს გაიმართება. აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „პალიტრა TV“-ს წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებს, ვინაიდან მხარეებს შორის დავის განხილვა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში არ არის დასრულებული.