კომისიამ შპს „სტერეო+“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების პირობების და ვალდებულებების შესრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

სექტემბერი 15, 2015 13:12

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო+“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების  პირობების და ვალდებულებების შესრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიას შპს ”სტერეო+”-ს, სალიცენზიო პირობების შესაბამისად  №MUX B და №MUX E მულტიპლექს პლატფორმის ექსპლუატაციაში გაშვება  2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათამდე უნდა უზრუნველეყო.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფები 2015 წლის 02 ივლისიდან 31 აგვისტოს პერიოდში მულტიპლექს პლატფორმების (№MUX B და №MUX E) ფორმირების ზედამხედველობას ახორციელებდნენ. მონიტორინგი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის №273 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის მიხედვით განხორციელდა.

მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს ”სტერეო+”-ის მიერ ჩართულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი სადგურები სალიცენზიო პირობებით განსაზღვრულ საქართველოს ტერიტორიის 46-ვე პუნქტში. გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში ტექნიკური ხელშეშლების გამო არ ფუნქციონირებს რადიოსარელეო ხაზები, ასევე რამდენიმე პუნქტში ჩართულია მხოლოდ ერთი გადამცემი ნაცვლად ორისა და რადიოსარელეო ხაზები ორგანიზებულია ცალმხრივად სათაო სადგურიდან ციფრულ სატელევიზიო გადამცემებამდე და არ არის ორგანიზებული ციფრულ სატელევიზიო გადამცემებიდან ინფორმაციის სათაო სადგურზე (განთავსებულია ქ. თბილისში) მიღება, რის გამოც გადამცემის მუშაობის რეჟიმი არ კონტროლირდება ავტომატურად, თუმცა გადამცემების მუშაობის მონიტორინგი წარმოებს სატელეფონო შეტყობინებების მეშვეობით.

ზემოთხსენებული ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის და ინფორმაციის კომისიაში წერილობით წარმოდგენისთვის შპს „სტერეო +“-ს განესაზღვრა ორკვირიანი ვადა. ამავე დროს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფს დაევალა ამავე პერიოდში ზემოთ აღნიშნული ტექნიკური ხელშეშლების იდენტიფიცირება და აღმოჩენის შემთხვევაში აღმოფხვრის უზრუნველყოფა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება კომისიის 2015 წლის N224/13 გადაწყვეტილებაში. ასევე, შპს „სტერეო +“-ს დაევალა  2015 წლის 31 დეკემბრამდე ტრაფიკის ავტომატური კონტროლის სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება.

საკითხის მოსმენის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მე-3 პუნქტით განსაზღვრული  ვალდებულებების პირობები კომპანიას შესრულებული აქვს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.