ივნისი 02, 2017 11:02

კომისიამ შპს „TV3“ და შპს „ტელერადიო კომპანია ექსკლუზივ ტვ“ წერილობით გააფრთხილა, შპს „ტელერადიო კომპანია ატვ12“-ს მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „TV3“ და შპს „ტელერადიო კომპანია ექსკლუზივ ტვ“ კანონით განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა, შპს „ტელერადიო კომპანია ატვ12“-ს მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. 

კომისიამ სამივე მაუწყებელს ზემოთაღნიშნული ვალდებულების თაობაზე გამაფრთხილებელი წერილი ორჯერ გაუგზავნა, თუმცა არც ერთ მათგანს ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია. შპს „TV3“-ს და შპს „ტელერადიო კომპანია ექსკლუზივ ტვ“-ს კომისიამ წერილობითი გაფრთხილება დააკისრა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის ათი სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა დაავალა. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ12“-ის მიმართ კი სანქციის დაკისრების თაობაზე ადმინისტარციული წარმოება შეწყვიტა, რადგან კომპანიამ წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად წარმოადგინა.

კომისიის სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები