კომისიამ სს „სილქნეტი“ სამაუწყებლო არხ „სილქ სპორტ HD 2“-ზე სპონსორზე მითითების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა

ივლისი 14, 2017 11:46

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტი“ სამაუწყებლო არხ „სილქ სპორტ HD 2“-ზე სპონსორზე მითითების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა  სს „სილქნეტის“ სამაუწყებლო არხების მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ „სილქ სპორტ HD 2“-ზე „ენ-ბი-ეის“ ფინალურ სერიის ჩვენების სპონსორი იყო „ბილაინი“, რომლის სასპონსორო ტიხარი პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას შეიცავდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის დადგენილების „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ თანახმად, დაუშვებელია სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება.

კომისიამ საკითხის საჯარო განხილვის სხდომაზე მოისმინა კომისიის აპარატის და სს „სილქნეტის“ არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დარღვევას, რის გამოც კომპანია „სილქნეტს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა.