კომისიამ უსაფრთხო და ხარისხიანი რადიოაპარატურის გამოყენებისთვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შეიმუშავა

დეკემბერი 12, 2018 11:27

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რომელიც მომხმარებლისთვის ხარისხიანი რადიოაპარატურის გამოყენებას უზრუნველყოფს, ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შეიმუშავა. რადიოაპარატურის შესახებ ევროკავშირის 2014/53/EU დირექტივის შესაძლო განხორციელების შესახებ სემინარი კომისიაში გაიმართა. ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების თანახმად, კომისიამ ლიეტუველ ექსპერტებთან ერთად, ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რადიოაპარატურის ბაზარზე ხელმისაწვდომობის, ექსპლუატაციაში გაშვებისა და ბაზრის ზედამხედველობის მიზნით, მარეგულირებელ ჩარჩოს ადგენს.

აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც დაძმობილების პროექტის “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში” ფარგლებში ჩატარდა, ექსპერტებმა ევროკავშირის პრაქტიკიდან დირექტივის განხორციელების საუკეთესო მაგალითები წარმოადგინეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ ამოცანაა ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მხარდაჭერა სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელი ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავებაში და ასევე, ბაზრის ყველა მოთამაშისათვის კონკურენტური გარემოს უზრუნველყოფა საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში. პროექტი ლიეტუვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT), პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE), გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა (BMWi) და ცენტრალური პროექტის მართვის სააგენტოსთან (CPMA) პარტნიორობით ხორციელდება.