მარტი 29, 2018 12:09

კომისიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების ჩარჩო კანონმდებლობისა და სამოქმედო შესაძლებლობების განვითარების კუთხით ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის შესაბამისად“.  შეხვედრაზე პროექტის პირველ კვარტალში მიღწეული შედეგები და გამოწვევები შეფასდა.

ღონისძიება კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ გახსნა და მას პროექტის ლიდერი ოთხივე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.  პროექტში ასევე ჩართული არიან  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის (EUD) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებიც.

პროექტის მუდმივმა მრჩეველმა გიედრიუს პურასმა ქართველ პარტნიორთან მარიამ სულაბერიძესთან ერთად საანგარიშო პერიოდში მიღწევები შეაფასა და პროექტის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დაძმობილების პროექტის როლსა და მნიშვნელობას ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებისა და ამოცანების განხორციელებაში.

დაძმობილების პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ჩარჩო კანონმდებლობის სიღრმისეული მიმოხილვა, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში შესაბამისი ბაზრების დადგენა, ფართოზოლოვანი მომსახურებების შესაბამისი საკანონმდებლო მიდგომის განსაზღვრა და უნივერსალური მომსახურების დანერგვის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ლიტვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT), გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს (BMWi), პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისისა(UKE) და ცენტრალური პროექტის მართვის სააგენტოსთან (CPMA) პარტნიორობით. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები