კომისიის წარმომადგენლები, მერაბ ქათამაძის ხელმძღვანელობით საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის საერთო კრებას დაესწრნენ

აპრილი 21, 2017 13:29

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა მერაბ ქათამაძემ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა ტეფნაძემ, აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვიტარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რატი სხირტლაძემ და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ზურაბ გუძუაძემ 18-19 აპრილს საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში სტუმრის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.

მერაბ ქათამაძემ კომისიის საქმიანობასა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა და ასოციაციის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

თამთა ტეფნაძემ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ოპერატორების ვალდებულებებისა და ინტერნეტ მომხმარებლების უფლებების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია.

რატი სხირტლაძემ და ზურაბ გუძუაძემ წარადგინეს პრეზენტაციები, სადაც განხილულ იყო ე. წ. WiFi ოპერატორებისათვის დადგენილი ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ის რესურსი, რომელიც რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის თანახმად ამ სფეროში საქმიანობისათვის გამოიყო.

ასოციაცის წევრებმა ისაუბრეს მათთვის პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა: ურთიერთჩართვის წერტილების სიმცირე, ბოჭკოვან-ოპტიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვება, ინფრასტრუქტურული რუკის აუცილებლობა და ლოკალური ინტერნეტი (ღირებულება, ტრანზიტის ღირებულება, შიდა სერვისებთან წვდომა).

ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა განაცხადა, რომ ასოციაცია შეიმუშავებს ქცევის კოდექსს და ასოციაციის წევრები პასუხისმგებლობას აიღებენ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე.