კომუნიკაციების ეროვნული კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს პასუხობს

ოქტომბერი 01, 2018 18:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებებს პასუხობს. კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტი ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, რომ არ აცდნენ კანონის მოთხოვნებს და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. კომისია ყოველთვის მზად არის დასაბუთებულ და არგუმენტირებულ კრიტიკას მოუსმინოს, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ ბრალდებებთან, ასეთ შემთხვევებზე კომისიის პოზიცია და პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და კანონის მოთხოვნების შესაბამისი. 

კომუნიკაციების კომისიისთვის კატეგორიულად მიუღებელია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ,,რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის გაზრდასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება ეჭვქვეშ აყენებს მარეგულირებლის ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას და შეიცავს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დასკვნების გაკეთება და ბრალდებები, როგორიც მათ განცხადებაშია, სწორედ მათ მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ა) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ სამ საათში 7,5 წუთს შეადგენს, 17 სექტემბრიდან გაზარდა. “რუსთავი 2“-მა 2018 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე უფასო პოლიტიკურ რეკლამას ყოველ 3 საათში 10 წუთი, 2018 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე 14 წუთი, ხოლო 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე კვლავ 10 წუთი დაუთმო.

კომისიამ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტის გაზრდის თაობაზე, პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხის შემცვლელად შეაფასა, ვინაიდან:

რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა მიმართული იყო ერთი და იგივე საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისთვის ხელის შეშლისკენ და არ ემსახურებოდა მათი საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას.

უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის 14 წუთამდე გაზრდას, 8 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის არსებობისას, შესაძლოა, გამოეწვია ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის 90 წამზე მეტი სარეკლამო დროის გამოყოფა, ხოლო კანონმდებლობით, ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ უნდა აღემატებოდეს.

საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდას, ასევე, შესაძლოა გამოეწვია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახებოდა შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანსურ შემოსავლებზე.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომისიამ კიდევ ერთხელ შეახსენა მაუწყებლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოუწოდა უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაენაწილებინათ თითოეულ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამზე მეტი არ ყოფილიყო, რაც ემსახურება ყველა საარჩევნო სუბიექტის ინტერესებს და არა ერთ საარჩევნო სუბიექტის ინტერესებს, როგორც ამას უთითებს საერთაშორისო გამჭირვალობა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამას ეხება, კომისია ვერც ამ საკითხთან დაკავშირებით გაიზიარებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დეტალური განმარტება გაკეთდა ამ საკითხზე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

არასამთავრობოებს უნდა მოეხსენებოდეთ, რომ სამაუწყებლო რეკლამის, რომლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს პოლიტიკური რეკლამა[1], საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით ,,მაუწყებლობის შესახებ“. აღნიშნული კანონით იკრძალება არასათანადო და არაეთიკური რეკლამის განთავსება[2]. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა[3]. შესაბამისად, მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, არ უნდა დაუშვას არასათანადო და არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება.

შევახსენებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“ წერილობით მიმართეს, სადაც მაუწყებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ მათთან წარდგენილი ვიდეორგოლების კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მათი უფასო პოლიტიკური რეკლამის სახით განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ კომისიის პოზიციას.

აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილი არის პასუხი მაუწყებლების შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანიებს შეახსენებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს სამაუწყებლო პოლიტიკურ რეკლამებთან მიმართებით.

შესაბამისად, უსაფუძვლოა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება იმის თაობაზე, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილებში საუბარი იყო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განხილვაზე და კომისიამ უკვე იმსჯელა კონკრეტულ რგოლებთან დაკავშირებით და გარკვეული სახის დირექტივებიც გაუგზავნა მაუწყებლებს.

აქვე უნდა მოეხსენებოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია[4]. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი[5]. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ, სამაუწყებლო რეკლამებთან დაკავშირებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევის საკითხის განხილვა არავითარ შემთხვევაში არ სცდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთან, კომისიის მიერ კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულება დაუშვებელია შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ საფრთხედ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი ხმამაღალი და საფუძველს მოკლებული შეფასებები ნამდვილად არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

კომისიის მიერ გაკეთებული განცხადებები და მაუწყებლებთან გაგზავნილი წერილიც ემსახურება იმას, რომ წინასაარჩევნო მედია გარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტული და არ ჰქონდეს ადგილი ვინმეს მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას. კომისიის მიზანია მისი რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პრევენცია, რაც ვერ შეფასდება, როგორც ტელევიზიებისა და ოპოზიციური პარტიების ქმედებების შეზღუდვა, მითუმეტეს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.

 

1. საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 2, წ) ქვეპუნქტი

2. იქვე, მუხლი 63, პუნქტი 2

3. იქვე, მუხლი 70, პუნქტი 1

4. იქვე, მუხლი 5, პუნქტი 1

5. იქვე, მუხლი 71, პუნქტი 1