კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სამართლიან არჩევნებს“ განცხადებით პასუხობს

სექტემბერი 17, 2018 13:31

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) მიაჩნია, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) (შემდგომში -ორგანიზაცია) 2018 წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედურ ანგარიში (შემდგომში - ანგარიში)  და მოგვიანებით მათ მიერ  დამატებით გავრცელებული განცხადება  კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნაწილში არაკვალიფიციურია, არასწორადაა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, გაკეთებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები და, შესაბამისად, კომისიის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

1. ორგანიზაცია ანგარიშში არასწორად მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ დაჯარიმდა იმის გამო, რომ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. აღნიშნული შეტყობინების ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე 50 დღით ადრე აქვთ.[1]

კომისიის გადაწყვეტილებით[2], ,,რუსთავი 2“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან არასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამისა და სოციალური რეკლამის სახით პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, ვინაიდან კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, ასევე, პოლიტიკური რეკლამის განთავსება სოციალური რეკლამის სახით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიღებულია 2017 წლის 15 ივნისს და არა საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიმდინარეობისას. შესაბამისად, კითხვებს ბადებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში კომისიის გადაწყვეტილების  ასახვის მიზანი, თანაც, დამახინჯებული ფორმით.

კომისია ვერ გაიზიარებს ორგანიზაციის მიერ შემდგომში გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ ანგარიშის ამ ნაწილში შეფასებულია კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება, ვინაიდან: 

ა) კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ კი არ დაჯარიმდა, არამედ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, განხილვისთვის გადაეგზავნა სასამართლოს, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

ბ)  2018 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის №01/08/02 განკარგულებით 2018 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. შესაბამისად, კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე მიღებულია წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობისას, 2018 წლის 15-16 აგვისტოს კომისიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის,  ხოლო, კომისიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება მიღებულია არასაარჩევნო პერიოდში. 

2. უსაფუძვლოა ორგანიზაციის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამის და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება მაუწყებლებს წარმოეშობათ მხოლოდ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან, ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ან/და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება აღნიშნულ ვადაზე ადრე მოხდება, აღნიშნული ვალდებულებები მათზე არ ვრცელდება.

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს და კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება[3]. ამდენად, აღნიშნული ვალდებულების წარმოშობას იწვევს პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფა და განთავსება და არა განთავსების დღე. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრამდე 50 დღით ადრე პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და განთავსების შემთხვევაში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის შინაარსისა და მისი გამოყენების მიზნის გათვალისწინებით, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ორგანული კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.

წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრამდე 50 დღით ადრე ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საარჩევნო სუბიექტებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული საარჩევნო პირობების შექმნას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი არჩევნების პრინციპებს.

წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრამდე 50 დღით ადრე პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემთხვევაში, მაუწყებლის მიერ საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის ვალდებულებაზე მიუთითებს 2018 წლის 3 სექტემბრის დადგენილება (საქმე №4/7133-18) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული დადგენილება (საქმე №4/6143-16), რომლითაც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთვი 2“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს საარჩევნო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი პუნქტით, 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 2016 წლის 28 ივლისს, კენჭრისყრის დღემდე 70 დღით ადრე,  წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია თავის ანგარიშში და შემდგომში გაკეთებულ განმარტებაში საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავ განმარტებას აკეთებს.  კერძოდ:

ანგარიშში განმარტავს, რომ ,,საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის ვალდებულება წარმოიშობა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან. შესაბამისად, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მაუწყებელს კომისიისთვის ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება 8 სექტემბრიდან, ეს ასევე განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკით“ ... ,,კანონმდებლობით დადგენილი არ არის, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ან/და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება აღნიშნულ ვადაზე ადრე მოხდა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება და დადგენილ პრაქტიკა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის ჩანაწერთან შეუსაბამოა.“

ხოლო შემდგომში გაკეთებულ საპასუხო განმარტებაში მიუთითებს, რომ ,,2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მაუწყებლებს კომისიისთვის პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება იმპერატიულად ეკისრებათ არაუადრეს 29 აგვისტოსი და არაუგვიანეს 8 სექტემბრისა. შესაბამისად, 15-16 აგვისტოს ტელევიზიის ეთერში გასული რეკლამის საკითხის განხილვა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლით, რასაც მარეგულირებლის გადაწყვეტილება ეფუძნება, არაკანონიერია.“

ზემოაღნიშნული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორგანიზაციის წარმომადგენლების არაკვალიფიციურობას ან ეს კეთდება მიზანმიმართულად, კომისიის დისკრედიტაციის მიზნით.

3. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ 661 მუხლი ,,თავისთავად ხარვეზიანია, რადგან ამ მუხლში პოლიტიკური პარტიებისათვის მაუწყებლებისგან მომსახურების შესყიდვის იმპერატიული აკრძალვა საერთოდ არ ითვალისწინებს გამონაკლისს წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების დაშვებაზე და თავის მხრივ ეწინააღმდეგება ამავე კანონის 66-ე მუხლს წინასაარჩევნო რეკლამის შესახებ. შესაბამისად, 661 მუხლის იმგვარი ინტერპრეტირება, საერთოდ დაუშვებელს ხდის პოლიტიკური პარტიებისთვის მაუწყებელში რეკლამის განთავსებას, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. ამდენად, 661 მუხლის ამგვარი განმარტება დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გაუმართლებელ რისკებს ქმნის“.

აღნიშნული ნორმით მკაფიოდ იკრძალება პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა, მათ შორის, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით. კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესების მარეგულირებელი ნორმები, რაც, ასევე, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში განთავსებას კანონი არ ითვალისწინებს.

აღნიშნული ნორმა ვერ აკრძალავს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მაუწყებელში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებას, რაც გათვალისწინებულია როგორც საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ 66-ე მუხლით, ისე,  საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 50-ე და 51-ე მუხლებით. ამასთან, ამავე ნორმებით განსაზღვრულია მთელი რიგი რეგულაციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელთა მიზანი არის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფა.

არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა ემსახურება მაუწყებლის დაცვას პოლიტიკური პარტიის გავლენისგან, მაუწყებლის მიუკერძოებლობის, ასევე, თავისუფალი და პლურალისტული დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონის ,,მაუწყებლობის შესახებ“ 661 მუხლის ორგანიზაცისეული ინტერპრეტაცია უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს ნორმის მიზნებიდან.

მუღებელია, როდესაც ორგანიზაცია, რომელსაც მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ნორმა ხარვეზიანია, ნაცვლად იმისა, რომ ძალისხმევა მიმართოს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, არასამართლიანი კრიტიკითა და დისკრედიტაციით ცდილობს ზეწოლა განახორციელოს კომისიაზე, რათა მან მოახდინოს ზემოაღნიშნული ნორმის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული განმარტება და კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს საქმიანობა.

4. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სავალდებულო მოთხოვნებს. აღნიშნული კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ  და  მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. ამასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.

გამომდინარე იქედან, რომ კანონი ანიჭებს მაუწყებელს უფლებამოსილებას საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მიანიჭოს, მაუწყებელი ვალდებულია მის მიერ დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობის და შედეგების ობიექტურობის გადამოწმება მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს საზოგადოებრივი აზრის კვლვის შედეგებით მანიპულირება, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიზანს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მაუწყებლების ვალდებულებების დადგენა და მაუწყებლისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევების საფუძველზე პოლიტიკური პარტიის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების უფლებამოსილების მინიჭება მოხდა ერთდროულად 2006 წლის 23 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. შესაბამისად, უდავოა, რომ საქართველოს ორგანულმა კანონმა და არა კომისიამ განუსაზღვრა საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მაუწყებლებს ვალდებულებები.

ამდენად, შუალედური ანგარიშის გაცნობის შემდეგ კომისიას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ნაწილი არაკვალიფიციურად არის მომზადებული, ან ორგანიზაცია მიზანმიმართულად მიუთითებს არასწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათზე დაყრდნობით არასწორ შეფასებებს აკეთებს კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

ვინაიდან, ორგანიზაციის დასკვნები, როგორც წესი, აისახება სხვა ადგილობრივი და  საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში (რაც, შესაძლოა, ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდეს), კომისია მოითხოვს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისაგან ანგარიშიდან ამოღებულ იქნას არასწორი, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და დასკვნები.