კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

მაისი 30, 2019 11:58

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  2018 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, 2019 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.  2018 წელი სატელეკომუნიკაციო დარგისთვის  საინტერესო გამოწვევებით და წარმატებებით იყო დატვირთული.  გასულ წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,237 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წელს კი - ეს თანხა 1,220 მლნ ლარი იყო. ყოველწლიურად იმატებს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით,  პენეტრაცია  თითქმის 8 %-ით გაიზარდა და 73.6%-ს მიაღწია. 2018 წელს დაინერგა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა, ამასთან,  კომისიამ ახალ გამოწვევაზე, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე დაიწყო აქტიური მუშაობა. გასული წელი წარმატებული იყო  ფიქსირებული და საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხითაც, რაც ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღებისა და მომხმარებლების ინტერესების დასაცავად აუცილებელი პირობაა.  2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 8-ჯერ შეუმცირდათ. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე კი, ზედა ზღვრული ტარიფები დაწესდა, რომელიც მობილურ ქსელში - 3.5 თეთრიდან 0.75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან - 0.28 თეთრამდე შემცირდა. 

მობილური ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, 2019 წელს კომისიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებაა, რაც დარგის განვითარებისთვის აუცილებელია.  2019 წელს კომისიას კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, მეხუთე თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება აქვს დაგეგმილი. 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე მთელი მსოფლიო აქტიურად მუშაობს და კომისია, სწორედ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან ერთად გეგმავს 5G  ტექნოლოგიის დანერგვას.

გასულ წელს საინტერესო ტენდენცია დაფიქსირდა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებშიც. 2018 წელს მაუწყებლებმა 83,845,826.48 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2017 წელს - 84,087,810.68 ლარი იყო. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მუდმივად მზარდი არ არის და ერთ ნიშნულზე ფიქსირდება, თუმცა, აღსანიშნავია ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე არსებული სტაბილური მდგომარეობა. საყურადღებოა, რომ ბოლო კვლევებით ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება ევროპის 20 ქვეყანაში, გამომდინარე იქედან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ყოველდღიურად ვითარდება ციფრული მედია და სარეკლამო თანხები ტრადიციული მედიიდან სწორედ ახალ მედიაში მიდის.

2018 წელს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კომისიამ დანერგა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა, 2019 წლის 20 მარტიდან კი მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, გაზომონ ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმონ რამდენად იცავს მისი პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და არის თუ არა მათი უფლებები დაცული. აღნიშნული სისტემა ყველა აბონენტს აძლევს საშუალებას მისთვის სასურველ დროს შეამოწმოს იღებს თუ არა გადახდილი თანხის ადეკვატურ მომსახურებას, ხოლო ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია მომხმარებლების უფლებების დასაცავად, კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.  

რაც შეეხება მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს,  ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, დამტკიცდა  მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შეიქმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც მედია პროდუქტების მომხმარებლების მედიაწიგნიერების განვითარებაზე იზრუნებს. ამავე მიზნის მისაღწევად, დაფუძნდა „მედიააკადემია“, რომლის ძირითადი ამოცანაც მედიის, ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მედია მენეჯერების  კვალიფიკაციის ამაღლებაა.

გასულ წელს დაიგეგმა 2019 წელს განსახორციელებელი 5 მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს. პირველი პროექტი, რომელიც უკვე დაიწყო, არის „გამარჯობა რუბი“ - 25 ენაზე ნათარგმნი წიგნი, რომელიც კომისიამ ქართულ ენაზე გამოსცა. კომისიამ ფინური წიგნების სერიის ავტორი, ლინდა ლიუკასი საქართველოში ჩამოიყვანა, რომელმაც 60-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენერი გადაამზადა, იმისთვის, რომ მესამე-მეოთხე კლასების მოსწავლეებმა პროგრამირების სამყაროში იმოგზაურონ და კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლები, თამაშისა და მსოფლიოში უკვე აღიარებული მეთოდით შეისწავლონ. განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, აღნიშნული წიგნით სექტემბრიდან საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისწავლიან.  

„მედია სკოლა“, „მედიაკრიტიკა“ და „მედია ლაბი“ - „მედიააკადემია“ მედიაწიგნიერების განვითარებაზე სწორედ ამ სამი მიმართულებით იმუშავებს. „მედია სკოლა“ მედიის სფეროს წარმომადგენლებს გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო კურსებს სთავაზობს, იმისთვის, რომ მათ თანამედროვე ეპოქაში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს. ამ მიმართულებით, მედიააკადემია უკვე აქტიურად მუშაობს.  „მედია კრიტიკა“ - ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს პროფესიულ განვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ, მომხმარებელს დაეხმარება გაარჩიოს ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო მედია პროდუქტი. მედიააკადემიისთვის 2019 წლის გამოწვევა  სწორედ კვალიფიციური და ჯანსაღი მედია კრიტიკის პლატფორმის შექმნა და ამუშავებაა. მომავალი წლის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა „მედია ლაბის“ ამოქმედება - ლაბორატორიის, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. ეს იქნება ადგილი, სადაც სტარტაპერებს, რომლებსაც ციფრული მედიის მიმართულებით საინტერესო და ინოვაციური იდეები ექნებათ, მიეცემათ დაფინანსება და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.  

ფიქსირებული და საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 8-ჯერ შეუმცირდათ. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს მოუტანს სიკეთეს, რომელიც გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, ხარისხიან ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომ და კონკურენტულ ფასად მიიღებს.

2018 წელს კომისიამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც,  ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები განახევრდა, ხოლო 2019 წლიდან გლობალური ინტერნეტის საბითუმო ტარიფი - 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდა.  

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მობილური და ფიქსირებული სატელეფონო საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებითაც. LRIC-ის მოდელის მიხედვით, მოხდა მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი დანახარჯების გაანგარიშება, რის საფუძველზეც, მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფები  4-ჯერ შემცირდა.

2019 წელს კომისია მობილური ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით, ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებას გეგმავს. ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას მაქსიმალურად გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. დღეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე ნაკლები კონკურენცია სწორედ მობილურ ხმოვან მომსახურეობაზეა და კომისია ამ საკითხს სწრაფად, ეფექტიანად და მომხმარებლების ინტერესების სასარგებლოდ გადაჭრის.  

2019 წლის განმავლობაში კომისია ევროპულ ქვეყნებთან ერთად აქტიურად იმუშავებს მეხუთე თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის შემუშავებაზე.  მაისში კომისიამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის 19 ქვეყნის მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებს უმასპინძლა, კონფერენციის ძირითადი თემა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სწორედ 5G ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის ერთობლივად შემუშავება იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ამ მიმართულებით, მოწინავე პოზიციები უკავია.

თანდართული დოკუმენტები: