კომუნიკაციების კომისიამ დაძმობილების პროექტის დასკვნითი კონფერენცია გამართა

ივლისი 05, 2019 13:28

კომუნიკაციების კომისიამ დაძმობილების პროექტის - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ დასკვნითი კონფერენცია გამართა. პროექტის ხელმძღვანელებმა 19 თვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან ეტაპობრივ დაახლოებას ითვალისწინებს. დაძმობილების პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს მიერ სატელეკომუნიკაციო საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს, რომელიც საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სექტორში ბაზრის ყველა მოთამაშისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, შემუშავდა სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც პრაქტიკულ საკანონმდებლო რჩევებს შეიცავს და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. შემუშავდა საჯარო კონსულტაციების წესების დამტკიცების დადგენილებისა და ზოგადი ნებართვის დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტები, მომსახურებების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელ წესებში ცვლილებების პროექტი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარედგინა, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი რადიო აპარატურის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით.

ასევე, მომზადდა საერთაშორისო როუმინგის თაობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი. დოკუმენტი შეეხო საერთაშორისო როუმინგული მომსახურების ძირითად პირობებს, მომხმარებელთა ინფორმირებულობას, ქსელის მართვას, ალტერნატიული შეთავაზებებს, „bill shock“-ის თავიდან არიდებასა და საფასურს.

დაძმობილების პროექტი, რომელიც ექვსი კომპონენტისგან შედგებოდა, ევროკავშირის დაფინანსებით 2017 წლის 12 დეკემბრიდან ხორციელდებოდა, რომლის ძირითადი პარტნიორი ლიეტუის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო, ხოლო თანაპარტნიორები – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო და პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი იყვნენ.