ოქტომბერი 07, 2016 21:46

„რუსთავი 2“-ის მიმართ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადების საფუძველზე, რომლითაც  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერება დადგა ეჭვქვეშ,  დაწყებული მოკვლევა გრძელდება.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლით გათვალისწინებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების წესებთან შესაბამისობის დროულად დადგენის მიზნით, ასევე, ზემოთხსენებული საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, GFK Customs Research LLC, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს წერილობით მიმართა და საქმესთან არსებული დოკუმენტაციის  წარმოსადგენად  ვადა 2016 წლის 5 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა GFK Customs Research LLC კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომისიის მიერ მისთვის განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა, თუმცა კომისიის მოსაზრებით არასრულყოფილად, რის გამოც,  „რუსთავის 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, კომისიამ ტელეკომპანიას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა. „რუსთავი 2“-მა კომისიის მოთხოვნის შესასრულებლად ვადა ითხოვა. საკითხის განხილვა 7 ოქტომბერს გაგრძელდა, თუმცა ტელეკომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა), ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტებთან შესაბამისობის დადგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც, საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო. განხილვის გაგრძელების თაობაზე ინფორმაცია მოაგვიანებით გამოქვეყნდება.

ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ (21:00 საათზე) მსვლელობისას GFK Customs Research LLC-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით გამოქვეყნების ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ტელეკომპანიამ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე  მუხლის მე-11 პუნქტის ვ.ზ), ვ.თ), ვ.ი) და ვ.ლ) ქვეპუნქტები დაარღვია. ტელეკომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები