სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორად „Mediafon“ შეირჩა

აპრილი 18, 2016 18:26

თერთმეტკაციანმა საკონკურსო საბჭომ სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორად „Mediafon“ შეარჩია. კონკურსში მონაწილეობას სამი კომპანია იღებდა - „Mediafon“ , შპს „მედიაპრო ჯორჯია“ და შპს „პორტაბელურობა - ჯი“.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელსაც სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების მომსახურება სულ ცოტა ორ ქვეყანაში განუხორციელებია; აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფის წლიური საფასური არ უნდა  აღემატებოდეს 500 000 ევროს; პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადი უნდა იყოს მოქმედი ოპერატორების სისტემებთან.

საკონკურსო საბჭოს მიერ კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაციის გახსნის შემდეგ, შპს „პორტირება - ჯი“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოუდგენლობის გამო გამოეთიშა კონკურს. დარჩენილ ორ კონკურსანთს შორის, რომელთა დოკუმენტაციაც საკონკურსო პირობების შესაბამისი იყო, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორად „Mediafon“ წარმოდგენილი საუკეთესო ფასით (წლიური საფასური 274 899 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) შეირჩა (შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“, რომელიც დღეს მოქმედი ადმინისტრატორია - 450 000 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში წარმოადგინა).

კონკურსში გამარჯვებულს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავისი გადაწყვეტილებით გამოაცხადებს, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მომსახურებით უზრუნველყოფს ყველა სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. საკონკურსო საბჭოში დაკომპლექტებულია ხუთი კომისიის აპარატში დასაქმებული პირით, ხუთი ყველაზე მსხვილი ოპერატორის: შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „ბილაინის“, სს „სილქნეტის“,  შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლებით და ერთი დამოუკიდებელი ექსპერტით.