საერთაშორისო გამჭვირვალობამ მორიგი არაკვალიფიციური დასკვნა გამოაქვეყნა

დეკემბერი 12, 2017 17:09

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 1986-1992 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ცნობისთვის, კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას, დამუშავებას, შენახვას და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის, შესაბამისად კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრების არჩევასა და დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონდებლო ხელისუფლება. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს კონკურსანტთა სიას, შემდეგ მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას არჩევს, რომელიც ასევე ღია წესით ქვეყნდება. შემდეგ კანდიდატურები წარედგინება პრემიერ-მინისტრს კონტრასიგანციის მისაღებად, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი კონტრასიგანაციას გასცემს, პრეზიდენტი შერჩეულ წევრებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. აღნიშნული პროცედურების გავლითა და დაცვით 2014 წელს კახა ბექაური კომისიის წევრად 83 ხმით 6 წლის ვადით იქნა არჩეული. 2014 წელს სწორედ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამოცხადებული კონკურსის პარალელურად, გარკვეული ჯგუფების მიერ, კახა ბექაურის დიპლომი და განათლება იყო განხილვის საგანი, თუმცა როგორც აღმასრულებელმა, ასევე საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ თემის მიმართ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი და კახა ბექაურის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებდა "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნებს, ის კომისიის წევრად აირჩიეს.

საკითხის ამოწურვიდან ოთხი წლის შემდეგ "საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის შემცველი დასკვნის გამოქვეყნება არის მცდელობა შელახოს კომისიის თავმჯდომარის საქმიანი რეპუტაცია და შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში.