საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

ივნისი 25, 2018 12:52

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება კომისიის წევრმა და დაძმობილების პროექტის ლიდერმა ვახტანგ აბაშიძემ გახსნა, რომელმაც პროექტის ლიეტუველ, პოლონელ და გერმანელ  კოლეგებთან ერთად პროექტის მეორე საანგარიშო პერიოდში მიღწეული შედეგები და გამოწვევები შეაფასა. შეხვედრაში, სადაც საუბარი პროექტის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო, მონაწილეობა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა (EUD) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმაც მიიღეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დაძმობილების პროექტის როლსა და მნიშვნელობას ევროპა 2020 ინიციატივის  „ციფრული დღის წესრიგი ევროპისთვის" პრიორიტეტებისა და ამოცანების განხორციელებაში.

დაძმობილების პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, რომლის მიზანია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ჩარჩო კანონმდებლობის სიღრმისეული მიმოხილვა, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში შესაბამისი ბაზრების დადგენა, ფართოზოლოვანი მომსახურებების შესაბამისი საკანონმდებლო მიდგომის განსაზღვრა და უნივერსალური მომსახურების დანერგვის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ლიეტუვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT), გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს (BMWi), პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისისა (UKE) და ცენტრალური პროექტის მართვის სააგენტოსთან (CPMA) პარტნიორობით.