შპს „რ-რადიოს“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia“-ს უკანონო მაუწყებლობისთვის 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

დეკემბერი 25, 2014 22:54

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რ-რადიოს“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia“-ს უკანონო მაუწყებლობისთვის ერთობლივად 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ასევე, შპს „რ-რადიოს“ N B104 ლიცენზიის ფარგლებში არსებული ვალდებულებების დარღვევის გამო სანქცია - წერილობითი გაფრთხილებაც დაეკისრა.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia“ საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით ამზადებდა რადიოპროდუქციას, რომელსაც 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე სახელწოდებით - „რადიო სპუტნიკი საქართველო“, შპს „რ-რადიო“ ავრცელებდა რაც ერთობლივად მაუწყებლობის განხორციელებაა შესაბამისი ლიცენზიისა და ავტორიზაციის გარეშე.

კომისიამ საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 1441 მუხლის შესაბამისად შპს „რ-რადიოს“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia“-ს უკანონო მაუწყებლობისთვის ერთობლივად 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. საკითხის შესწავლის პროცესში შპს „რ-რადიოს“ სალიცენზიო პირობის დარღვევის ფაქტიც დაუდასტურდა, კერძოდ, სამაუწყებლო ბადის კომისიაში წარმოდგენის და კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა, რის გამოც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამატებით დაეკისრა სანქცია - წერილობითი გაფრთხილება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც კომისიამ 13 ნოემბერს აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო შპს „რ-რადიომ“ შეწყვიტა „რადიო სპუტნიკი საქართველოს“ გავრცელება.