თბილისში 2017 წლის 20-22 თებერვალს EaPeReg ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების სამუშაო შეხვედრა იმართება

თებერვალი 17, 2017 18:27

თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, 2017 წლის 20 თებერვალს, 09:30 საათზე, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმის, EaPeReg ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების შეხვედრას საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე და ექსპერტთა ჯგუფების თანათავმჯდომარეები გახსნიან. ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებულნი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის, (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა), ევროკავშირისა (გერმანია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი) და მაკედონიის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია ჯგუფების 2017 წლის სამუშაო გეგმისა და ფორმატის შემუშავება და დამტკიცება, ევროპის ექსპერტთა ჯგუფების გამოცდილების გაზიარება, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის განხილვა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში: 20, 21 და 22 თებერვალს გაგრძელდება.

სიხშირული სპექტრისა და ბენჩმარკინგის (შედარებითი ანალიზის) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები 2015 წლის 5 ნოემბერს EaPeReg ქსელის პლენარულ სესიაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, შეიქმნა.

სიხშირული სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) თავმჯდომარეა გერმანიის მარეგულირებელი ორგანო, ელმარ ცილესის (მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსი) წარმომადგენლობით; ხოლო თანათავმჯდომარე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომან ქურდაძის (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი) წარმომადგენლობით. ჯგუფის წევრები კომისიის აპარატიდან, ასევე, არიან: სერგო შავგულიძე (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი) და ნოდარ ასპანიძე (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

ბენჩმარკინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (BEWG) თავმჯდომარეა მოლდოვას ეროვნული მარეგულირებელი სააგენტო, რომან ბაჰნარუს (მარეგულირებელი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) წარმომადგენლობით; ხოლო თანათავმჯდომარე - რუმინეთის მარეგულირებელი ორგანო, ბოგდან ვასილესკუს (ეკონომიკური რეგულირების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების განყოფილების უფროსი) წარმომადგენლობით. ჯგუფის წევრები კომისიის აპარატიდან, ასევე, არიან: დავით გოგიჩაიშვილი (კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი) და რატი სხირტლაძე (სტრატეგიული განვითარებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის უფროსი), რომელიც გააკეთებს მოხსენებას მონაცემთა შეგროვების საკითხზე.

პასუხისმგებელი ჯგუფების მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, შესაბამის ევროპულ ჯგუფებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაციის ჩათვლით, არის მზია გოგილაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი).

 EaPeReg-ის ქსელის შესახებ

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმა, EaPeReg ქსელი,  შეიქმნა  2012 წლის 11 სექტემბერს, მოლდოვაში გამართულ პლენარულ სესიაზე, ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით.

ქსელის საქმიანობის მიზანი და ამოცანა

ქსელის  საქმიანობის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების ხელშეწყობა მათი ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრების განვითარების კუთხით, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მტკიცე და ხანგრძლივი თანამშრომლობის გზით.

დეტალური ინფორმაცია ქსელისა და მისი საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქსელის ვებ-გვერდზე:www.eapereg.org ან დაუკავშირდეთ ქალბატონ მზია გოგილაშვილს: mgogilashvili@gncc.ge .