საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგები (28.08.2018-28.09.2018)

ოქტომბერი 18, 2018 11:06

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2018 წლის 28 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 42 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. 

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს: 

ა) წინასაარჩევნო რეკლამა;

ბ) წინასაარჩევნო დებატები;

გ) ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია;

ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები; 

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მედია მონიტორინგს 29 მონიტორი ახორციელებს. მონიტორინგში კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ, რომლებიც მონიტორინგის დაწყებამდე სპეციალურად მომზადნენ. 

მონიტორინგის პროცესში დეტალური ანალიზი განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირების საგანია ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია სწავლობს ყოველ კონკრეტულ საკითხს და ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 

მონიტორიგნის შედეგებში მოცემულია ინფორმაცია ახალი ამბების პროგრამებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მონიტორინგის შედეგებში ცალ-ცალკეა ჩაშლილი საინფორმაციო გამოშვებებში სალომე ზურაბიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ დათმობილი დრო.

მონიტორინის შედეგებში ინფორმაცია ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც. კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.

მოცემული მედია მონიტორინგის შედეგები წარმოადგენს პირველ შუალედურ ანგარიშს და მოიცავს პერიოდს 2018 წლის 28 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით. 2018 წლის 29 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება კომისიის მედია მონიტორინგის მეორე ანგარიშის ფარგლებში. 

წინასაარჩევნო გარემო, დარღვევები და რეკომენდაციები:

საანგარიშო პერიოდში კომისიის, საარჩევნო სუბიექტების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიკვეთა:

-    საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმება;

-    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არარეგისტრირებული კანდიდატების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამისა და  არასათანადო/არაეთიკური რეკლამის მაუწყებლების მიერ განთავსება;

-    კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია;

საარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების საკითხი: - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. ამავე კანონით დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. გამომდინარე იქედან, რომ კანონი ცალსახად ანიჭებს მაუწყებელს უფლებამოსილებას, მის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტს „კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის” სტატუსი მიანიჭოს, მაუწყებელი ვალდებულია დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობის და შედეგების ობიექტურობა უზრუნველყოს.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დადგა და მას შემდეგ კომისია არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე მაუწყებლებს უგზავნის წერილს და ახსენებს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებს. შესაბამისი წერილი მაუწყებლებს კომისიამ 2018 წლის 8 აგვისტოს გაუგზავნა. გაუგებარი მიზეზების გამო, აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები ერთი თვის დაგვიანებით, 7 სექტემბერს გამოითქვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებდა, რომ კომისიის მიერ მაუწყებლებში გაგზავნილი წერილი გამოხატვის თავისუფლლებას უქმნიდა საფრთხეს და მაუწყებლებს თვითცენზურის წინაპირობებს უქმნიდა. აღნიშნული განცხადების შემდეგ კომისიის წევრები კიდევ ერთხელ შეხვდნენ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და დეტალურად განუმარტეს კანონის მოთხოვნები, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაეთანხმნენ კომისიის წევრებს, რომ კომისია კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებს, თუმცა აღნიშნეს, რომ კანონში ცვლილებების შეტანაა საჭირო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორი წლის წინ საუბრობდა ამ საკითხზე და კონსულტაციებს მართავდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, შუალედურ ანგარიშში არასწორი შეფასება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მოსაზრებების ნაწილი გაიზიარა, ამასთან, ორგანიზაცია ანგარიშში წერდა, რომ კვლევების გადამოწმებას მაუწყებლებს არა კანონი, არამედ კომისია ავალდებულებდა. კომუნიკაციების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციას შეახსენა, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ და მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. გადაუმოწმებელი კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება პოლიტიკური სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის რისკები. ორგანიზაცია, ასევე აპელირებდა იმაზე, რომ საზოგადოებრივი კვლევის გადამოწმება პერსონალური მონაცემების დარღვევას გამოიწვევდა. კომისია მესამე წელია განმარტავს, რომ თუ დღის წესრიგში კვლევის გადამოწმების აუცილებლობა დადგება, ამას არა კომისიის აპარატი, არამედ კვალიფიციური და გამოცდილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გააკეთებს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პერსონალური მონაცემების დაცვით და მათი გასაჯაროების გარეშე.

შესაბამისად, კომისია კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მაუწყებლებს შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, მაუწყებლებსა და პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. კანონი ცალსახად განსაზღვრავს მაუწყებლების ვალდებულებებს და საარჩევნო სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულაციებს და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესებს, რომელთა მიზანია პოლიტიკური პარტიის გავლენისგან მაუწყებლის დაცვისა და არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პოლიტური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

ამავე კანონის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით, ხოლო საარჩევნო სუბიექტი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულია განათავსოს იმ საარჩევნო სუბიექტის უფასო/ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2018 წლის 15 და 16 აგვისტოს პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დარღვევით განთავსების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ჯარიმა დააკისრა.  

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ვალდებული იყო დაეცვა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ, მიეწოდებინა კომისიისთვის შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა საკუთარ ეთერში განათავსა კომისიაში ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენის გარეშე. ასევე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ ეთერში განთავსებულ პოლიტიკურ/წინასარჩევნო რეკლამებში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტს (რეკლამის განთავსების პერიოდში), კერძოდ, ის არ იყო რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტად ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით. ყოველივე აღნიშნული „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნული საკითხი მოხვდა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშში, სადაც ორგანიზაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის ოქმის გამოწერის საკითხთან დაკავშირებით, კომისიის აზრით, არასწორ სამართლებრივ შეფასებას აკეთებდა. ორგანიზაცია ანგარიშში აღნიშნავდა, რომ მაუწყებლის მიერ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან აქვთ და რომ იგივე ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებლებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებას აღნიშნულ ვადაზე ადრე გადაწყვეტენ.

კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს აღნიშნულის შესახებ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას. ვალდებულებები მაუწყებლებს წარმოეშვებათ პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისთანავე. კანონის მოთხოვნების შესრულება საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული საარჩევნო პირობების უზრუნველყოფას, სამართლიანი არჩევნების პრინციპების დაცვას ემსახურება.

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია - საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 3 საათში ერთხელ 90 წამს არ აღემატებოდეს.

სააგნარიშო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა, ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში მიტანილი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არ ემსახურებოდა მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. გარდა ამისა, რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს ანთავსებდნენ. 

საანგარიშო პერიოდში (28.08-29.08) აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მხრიდ:

  1. მიხეილ ანთაძე - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”. ანთავსებდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშემშლელ რეკლამებს.
  2. ზვიად ბაღდავაძე - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“. ანთავსებდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშემშლელ და გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  3. ზვიად იაშვილი - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. ანთავსებდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშემშლელ და გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  4. ზვიად მეხატიშვილი - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“. ანთავსებდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშემშლელ და გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  5. ირაკლი გორგოძე - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“. ანთავსებდა დავით ბაქრაძის არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ კანონებს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პროცესების ზედამხედველობას ახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ. კომისიას მიაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო რეკლამის ამგვარი გამოყენება არღვევს სამართლიანობის პრინციპს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. კერძოდ, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით მინიჭებული 3 საათში ერთხელ არაუმეტეს 90 წამის ნაცვლად, სხვა კანდიდატებთან შედარებით რამდენჯერმე მეტი დრო ეთმობოდათ.

სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდა - საანგარიშო პერიოდში კომისიის ყურადღება მიიქცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დროის ლიმიტის გაზრდამ. მაუწყებელმა უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ სამ საათში 7,5 წუთს შეადგენდა, 14 წუთამდე გაზარდა.  აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობას აძლიერებს რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი უფასო სარეკლამო დროის სხვა კანდიდატების არჩევის ხელისშეშლისთვის ან ხელშეწყობისთვის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის.

გარდა ამისა, საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ, შესაძლოა გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანსურ შემოსავლებზე მოახდენს გავლენას.

წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახსენებს მაუწყებლებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოუწოდებს მათ, რომ  უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაანაწილონ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 3 საათში ერთხელ 90 წამს არ აღემატებოდეს.

საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების, პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში მოექცა მაუწყებლების მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილები. კერძოდ, კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“  წერილობით მიმართეს, სადაც კომპანიები კომისიისგან საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებში წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ განმარტებას,  იყო თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კომისიის მიერ მაუწყებლებში გაგზავნილი პასუხი კრიტიკის საგანი გახდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მხრიდან, აღნიშნული შეფასდა როგორც გამოხატვის თავისუფლების საფრთხე, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის წერილი წარმოადგენდა პასუხს მაუწყებლების შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანიებს შეახსენებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს სამაუწყებლო პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული წერილი არ წარმოადგენდა კომისიის სამართლებრივ აქტს.

სამაუწყებლო რეკლამის საკითხები, რომლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს პოლიტიკური რეკლამა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება. აღნიშნული კანონით, იკრძალება არასათანადო და არაეთიკური რეკლამის განთავსება. შესაბამისად, მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, არ უნდა დაუშვას არასათანადო და არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში გაიმართა შეხვედრა პოლიტიკურ პარტიათა კოალიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებთან, რომლებსაც დეტალურად განემარტათ კომისიის მიერ მაუწყებლებთან გაგზავნილი წერილის სამართლებრივი საფუძვლები და ასევე განხილულ იქნა ყველა ის წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, რომელთა განთავსებასთან დაკავშირებითაც მაუწყებლებს გაუჩნდათ კითხვები.

საპრეზიდენტო კანდიდატები არაპოლიტიკურ გადაცემებში - კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“, რომლის თანახმად საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება. 

მაუწყებლების მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა შემდეგ არაპოლიტიკურ გადაცემებში მიეცათ:  

„ტელეიმედი“:  საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი კანდიდატი  სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა გადაცემაში „ღამის შოუ“ (ერთხელ), “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მონაწილეობდა გადაცემაში „კულინარიული დუელი“ (ერთხელ), „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა; უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ გელა სალუაშვილი მონაწილეობდა გადაცემაში „იმედის დღე“ (ერთხელ), „შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი მოანწილეობდა გადაცემაში „იმედის დღე“ (ერთხელ), გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ მონაწილეობდა პოლიტიკური პარტია
„ გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე (ერთხელ).

შპსხარისხის არხისეთერში განთავსებულია საზოგადოებრივპოლიტიკური პროგრამაწითელი და შავი“, რომლის ერთერთი წამყვანი პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავაა.

ასევე კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული რეკომენდაციების გათვალისწინებით,  მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობაზე. კომისიას მიაჩნია, რომ იგივე სახის შეზღუდვა მაუწყებლის მიერ უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროგრამებზეც.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საანგარიშო პერიოდში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე, მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ იხელმძღვანელონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით”. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას, როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე პოლიტიკურ თოქ-შოუებსა თუ არაპოლიტიკურ გადაცემებში დაიცვან სამართლიანობის პრინციპი და ყველა კანდიდატს თანაბარი დრო დაუთმონ.

 

თანდართული დოკუმენტები: