კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

ივნისი 05, 2019 16:19

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის 31 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 21 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. 

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს:

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია;

ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები;

2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების მედია მონიტორინგს 13 მონიტორი ახორციელებს. მონიტორინგში კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ, რომლებიც მონიტორინგის დაწყებამდე სპეციალურად მომზადნენ.

მონიტორინგის პროცესში დეტალური ანალიზი განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში, ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირების საგანია ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია სწავლობს ყოველ კონკრეტულ საკითხს და ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მონიტორიგნის შედეგებში მოცემულია ინფორმაცია ახალი ამბების პროგრამებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო.

მონიტორიგნის შედეგებში ინფორმაცია ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც. კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.

 

წინასაარჩევნო გარემო, დარღვევები და რეკომენდაციები:

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია:

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.

სააგნარიშო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც არ ემსახურებოდა მათივე კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. აღნიშნული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს ანთავსებდნენ. 

 

საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მხრიდ:

  1. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ანთავსებდა სანდრა რულოვსის მხარდამჭერ რეკლამებს.
  2. „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“ ანთავსებდა სანდრა რულოვსის და ირაკლი ჯორბენაძის მხარდამჭერ რეკლამებს.
  3. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ანთავსებდა სანდრა რულოვსის და ირაკლი ჯორბენაძის მხარდამჭერ რეკლამებს.
  4. „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ ანთავსებდა სანდრა რულოვსის და ირაკლი ჯორბენაძის მხარდამჭერ რეკლამებს.
  5. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ანთავსებდა შალვა შავგულიძის მხარდამჭერ რეკლამებს.
  6. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ ანთავსებდა მარიამ მაჩაბერიძისა და ზურაბ კუპატაძის მხარდამჭერ რეკლამებს.
  7. „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ ანთავსებდა გირგოლ გეგელიას მხარდამჭერ რეკლამებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ კანონებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროცესების ზედამხედველობას ახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ. კომისიას მიაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო რეკლამის ამგვარი გამოყენება არღვევს სამართლიანობის პრინციპს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. კერძოდ, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით მინიჭებული 3 საათში ერთხელ არაუმეტეს 90 წამის ნაცვლად, სხვა კანდიდატებთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი დრო ეთმობოდათ.

სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდა: საანგარიშო პერიოდში კომისიის ყურადღება მიიქცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დროის ლიმიტის გაზრდამ. მაუწყებელმა უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ სამ საათში 7,5 წუთს შეადგენდა, პირველ ეტაპზე 9 წუთამდე, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირას 12 წუთამდე გაზარდა. აღნიშნული გაზრდილი  ლიმიტების  გამოყენება ხორციელდებოდა რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ ისე, რომ საკუთარ უფასო სარეკლამო დროს სხვა საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების არჩევის ხელშეწყობისთვის მიმართავდა. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის. გარდა ამისა, საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ, შესაძლოა გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანურ შემოსავლებზე მოახდენს გავლენას.

წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახსენებს მაუწყებლებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოუწოდებს მათ, რომ  უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაანაწილონ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 5 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის (საქალაქო/რაიონულ) სასამართლოს გადაუგზავნა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

2019 წლის 17 მაისს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დაკვეთით „IPSOS S.A.“-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება მოხდა. აღნიშნული კვლევის განთავსება 17 მაისს მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა, რითიც 48 საათიანი აკრძალვის ვალდებულება იქნა დარღვეული. ამასთან, რიგი სააგენტოების მიერ 17 მაისს ამავე კვლევის გავრცელება მოხდა, რითაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 50-ე მუხლის მე-5 მუხლი იქნა დარღვეული.

აღნიშნული დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შემდეგი ორგანიზაციების მიმართ შედგა:

– შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“;

– შპს „პირველი რადიო“;

– შპს „თავისუფალი გაზეთი+ (ipress.ge);

– შპს „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“;

– შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“;

„ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია პროგრამა, რომლის წამყვანებიც არიან პოლიტიკური გაერთიანება პატრიოტთა ალიანსის წევრები დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი.

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და თავი შეიკავოს პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობაზე.

წინასაარჩევნო დებატები – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. საანგარიშო პერიოდის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მთელ რიგ მაუწყებლებს ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, კომისიამ მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა–განმარტებების წარმოდგენის მიზნით მიმართა. მაუწყებლებისაგან მიღებული პასუხების შესწავლის შედგომ კომისია გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

საარჩევნო კანდიდატები არაპოლიტიკურ გადაცემებში: კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის, ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები, ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება. 

მაუწყებლების მხრიდან კანდიდატებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა შემდეგ არაპოლიტიკურ გადაცემებში მიეცათ: 

„რუსთავი 2“: საანგარიშო პერიოდში  გასართობ გადაცემაში „ნანუკას შოუ“ მონაწილეობდნენ შემდეგი კანდიდატები: დ/კ კობა დავითაშვილი, სანდრა რულოვსი (გაერთიანებული ოპოზიცია), შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).  გადაცემა „პროფილში“ მონაწილეობდნენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი და თავისუფალი საქართველოს კანდიდატი გიორგი წულაია.  გადაცემაში  „ფარული კონვერტი“ თავისუფალი საქართველოს კანდიდატი გიორგი წულაია.

„ტელეიმედი“:  საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარობის კანდიდატები ფიგურირებდნენ გასართობ გადაცემებში. გადაცემაში „კულინარიული დუელი“ მონაწილეობდნენ ლადო კახაძე (ქართული ოცნება) და დ/კ სოფიო ხორგუანი. გადაცემაში ღამის შოუ მონაწილეობდა ლადო კახაძე (ერთხელ).

„ტვ პირველი““: საანგარიშო პერიოდში გადაცემას „მძიმე კაცთან“ სტუმრობდა ლადო კახაძე (ქართული ოცნება) და შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).

თანდართული დოკუმენტები: