საერთაშორისო თანამშრომლობა

თანამშრომლობა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან

(International Telecommunications Union - ITU)

 

საქართველო, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს წარმომადგენლობით (კატეგორია - ადმინისტრაცია), საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში 1993 წლის 7 იანვარს გაწევრიანდა. 1994 წლის 20 ივნისს საქართველო მიუერთდა  საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების კონსტიტუციასა და კონვენციას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან თანამშრომლობს შექმნის დღიდან, 2000 წლიდან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც მარეგულირებელი ორგანო (კატეგორია - ADMIN RELATED / REGULATOR). იგი მონაწილეობს როგორც ITU-ს საყოველთაო, ასევე - მისი ცალკეული სექტორების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ასევე, კომისია რადიოკომუნიკაციების სექტორის კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობს. კომისია ჩართულია ITU–ს ყოველწლიური კითხვარების, კერძოდ - ტარიფების კითხვარის (მოიცავს ინფორმაციას ხარჯებისა და ტარიფების მოდელების, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ტარიფების რებალანსირების, ურთიერთჩართვის საკითხების, შემდგომი თაობის ქსელებისა და ა.შ. შესახებ), ინდიკატორების მოკლე კითხვარისა და ITU სრული კითხვარის (მოიცავს ინფორმაციას კონკურენციის, ძირითადი ფიქსირებული ოპერატორების სტატუსის, მარეგულირებლის დამოუკიდებლობის, საკანონმდებლო ბაზის, ურთიერთჩართვის, ლიცენზირების, დავების გადაწყვეტის, რადიოსიხშირული სპექტრისა და ა.შ. შესახებ) შევსებაში. აღნიშნული კითხვარები ხელს უწყობს ITU–ს მონაცემთა ბაზის შევსებას. ITU–ს მონაცემთა ბაზა ქვეყნდება ITU–ს ვებ–გვერდზე. ეს არის ერთადერთი ოფიციალური მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო და სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციები აანალიზებენ და განსაზღვრავენ  სატელეკომუნიკაციო დარგში ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების დონეს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს როგორც სამინისტროს, ასევე - მარეგულირებელ კომისიას, დაშვება აქვთ ორგანიზაციის მეტად მნიშვნელოვან და ინფორმატიულ დოკუმენტაციასთან: მსოფლიო სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების ანგარიშებთან; ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ  რეკომენდაციებთან; ტექნიკურ - სიხშირული რესურსის მართვის რეგლამენტებთან და ა.შ.

2014 წლის ნოემბერში კომისია იყო ერთ-ერთი მასპინძელი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმისა. სიმპოზიუმზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებამ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი  გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 166 ქვეყანას შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით 9 ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალშია. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ხუთი საფეხურით გაუმჯობესდა და 83-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება შეიქმნა 1865 წელს, პარიზში, როგორც საერთაშორისო სატელეგრაფო გაერთიანება. 1932 წელს მან მიიღო თავისი დღევანდელი სახელწოდება და 1947 წელს გახდა გაერთიანებული ერების სპეციალური სააგენტო. თავდაპირველად ITU-ს საქმიანობა მხოლოდ ტელეგრაფს მოიცავდა, დღესდღეობით კი იგი მთლიანად ICT სექტორს ფარავს.

ეს არის ორგანიზაცია, რომლის საქმიანობას, ზოგადად, წარმოადგენს - საერთაშორისო დონეზე სტანდარტიზაცია, რადიო-კოორდინაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარება; იგი აწარმოებს როგორც სახელმწიფო, ასევე - კერძო სექტორის სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების გლობალურ კოორდინაციას.

 ორგანიზაციის მიზანია:

  • წევრებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაფართოება, ტელეკომუნიკაციების განვითარებისა და რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით;
  • განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობა და სატელეკომუნიკაციო სფეროში ტექნიკური დახმარების შეთავაზება და უზრუნველყოფა; ასევე, - ტელეკომუნიკაციების განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობა;
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ეფექტურობის გაღრმავების მიზნით ტექნიკური საშუალებების განვითარებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა; და სხვა.

 

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების საქმიანობა იყოფა 3 მთავარ სფეროდ და შესაბამისად, 3 მთავარ სექტორად - სტანდარტიზაციის (ITU-T), რადიოკომუნიკაციებისა (ITU-R) და ტელეკომუნიკაციების განვითარების (ITU-D) სექტორებად.

 

 

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი

(European Telecommunications Standards Institute - ETSI)

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ასოცირებული წევრი გახდა 2001 წლის 20-21 ნოემბერს, ინსტიტუტის გენერალურ ასამბლეაზე, ადმინისტრაციის სტატუსით.

2007 წელს კომისია გახდა ინსტიტუტის სრულუფლებიანი წევრი.

2009 წელს, ინსტიტუტის შემოთავაზებითა და კომისიის თანხმობით, კომისია, ასევე, გახდა ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ნაციონალური სტანდარტების ორგანო (National Standards Organization – NSO) საქართველოში.

კომისია აქტიურად თანამშროლობს ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტთან. იგი რეგულარულად - ესწრება ინსტიტუტის გენერალურ ასამბლეებს, ნაციონალური სტანდარტების ორგანოების სამუშაო შეხვედრებს, სემინარებსა და ინსტიტუტის სხვა ღონისძიებებს. ახალი ევროპული სტანდარტებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, კომისიამ ორგანიზება გაუწია ინსტიტუტის სემინარების ჩატარებას საქართველოში როგორც თავად კომისიის, ასევე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის ოპერატორებისათვის.

2009 წელს ინსტიტუტსა კომისიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კომისია მონაწილეობს ინსტიტუტის მიერ შემუშავებული/განახლებული ევროპული სტანდარტების პროექტების ონლაინ განხილვასა და მიღებაში. კომისია, ასევე, ხელს უწყობს ინსტიტუტის მიერ აღიარებული ევროპული სტანდარტების საქართველოს ნაციონალურ სტანდარტებად რეგისტრაციას.

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი (European Telecommunications Standards Institute – ETSI) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანო. შეიქმნა 1988 წელს, CEPT-ის (European Conference of Postal and Telecommunications Administrations - ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენცია – იხ. ქვემოთ)  მიერ და ოფიციალურად არის აღიარებული ევროკომისიისა და EFTA-ს (European Free Trade Association – ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) სამდივნოს მიერ, როგორც ევროპული სტანდარტიზაციის ორგანო, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, ფიქსირებული, მობილური, რადიო, სამაუწყებლო და საინტერნეტო ტექნოლოგიების ჩათვლით. ETSI არა მხოლოდ შეიმუშავებს საკუთარ სტანდარტებს, იგი ამავდროულად არეგისტრირებს ევროპულ და ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებს (EN, hEN). ანუ ევროპული სტანდარტი/ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტი ცნობილია ETSI-ის მიერ აღიარებულ სტანდარტად. ETSI-ის სტანდარტები ხელს უწყობს ევროპული ბაზრის რეგულირებას; ისინი გამოიყენება ევროპის ფარგლებს გარეთაც. ამგვარად, აღნიშნული ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო ევროპული, არამედ - საყოველთაო სტანდარტიზაციის საქმეშიც.

ETSI-ი ამჟამად აერთიანებს 700–ზე მეტ წევრ ორგანიზაციას მსოფლიოს 5–ვე კონტინენტის 62 ქვეყნიდან, მწარმოებლების, ქსელის ოპერატორების, ადმინისტრაციების, მომსახურების მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ჩათვლით;

   

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტი

(Internet-Corporation for Assigned Names and Numbers / Governmental Advisory Committee

ICANN/GAC)

 

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ–კორპორაციის სამთავრობო–საკონსულტაციო კომიტეტში საქართველო, კომისიის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, გაწევრიანდა 2009 წელს. საქართველოს აკრედიტებულ წარმომადგენელს კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტში კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს.

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) - ჩამოყალიბდა 1998 წლის 21 ნოემბერს. ოფისები - კალიფორნიაში, ვაშინგტონში, ბელგიაში, სიდნეიში. კორპორაციის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერნეტის განვითარებას საყოველთაო მასშტაბით, საერთაშორისო კანონმდებლობასთან, შესაბამის საერთაშორისო კონვენციებთან და ადგილობრივ კანონთან შესაბამისობით.

კონკრეტულად, ICANN-ი აკოორდინირებს:

  1. დომენურ სახელთა სისტემას (Domain Name System - DNS), ინტერნეტ-პროტოკოლის (IP) მისამართებსა და ავტონომიურ სისტემურ (AS) ნომრებს, პროტოკოლის პორტსა და დომენურ სახელთა პარამეტრებს;
  2. დომენურ სახელთა სერვერის სისტემას;
  3. დომენურ სახელთა სისტემის მოქმედებასა და განვითარებას;
  4. პოლიტიკის განვითარებას, რომელიც კავშირშია ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ ფუნქციებთან;

იგი არ აკონტროლებს ინტერნეტის შინაარსს, ვერ აჩერებს სპამს და არ ეხება ინტერნეტთან დაშვებას. მაგრამ ინტერნეტის სახელთა სისტემის კოორდინაციის თვალსაზრისით, იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერნეტის გაფართოებისა და განვითარების საქმეში. ICANN-ის კოორდინაციის გარეშე არ იარსებებდა ერთიანი საყოველთაო ინტერნეტი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სრულად პასუხისმგებელია ინტერნეტის ტექნიკურ ფუნქციებზე.

ICANN-ს მართავს დირექტორთა საერთაშორისო საბჭო, რომელიც შედგება 19 წევრისგან.

ICANN-ი შედგება რამდენიმე კომიტეტისგან. მათ შორის, ერთ-ერთი სპეციფიური კომიტეტია -  სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტი, რომლის წევრიც არის საქართველო, კომისიის წარმომადგენლობით.

GAC (Governmental Advisory Committee - სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტი) შედგება 83 ქვეყნის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის - ITU-ს (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება), UNESCO-ს (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization - გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია), WIPO-ს (World Intellectual Property Organization - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია), OECD-სა (Organisation for Economic Co-operation and Development - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) და UPU-ს (Universal Postal Union - მსოფლიო საფოსტო კავშირი) წარმომადგენლებისგან და დამკვირვებლებისაგან.

 

GAC შეიმუშავებს და უზრუნველყოფს საკონსულტაციო წინადადებებს კორპორაციის საქმიანობასთან მიმართებით, თუ ეს საქმიანობა კავშირშია სახელმწიფო ინტერესებთან. კომიტეტის წინადადებები კორპორაციის მიერ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებისას.

კომიტეტის წინადადებები შეიძლება ეხებოდეს:

  • ინტერნეტის უსაფრთხოებას, საიმედოობასა და ფუნქციონირებას, უწყვეტი მომსახურებისა და უნივერსალური კავშირის ჩათვლით;
  • ინტერნეტის განვითარებას საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესისთვის, სახელმწიფო, კერძო, საგანმანათლებლო და კომერციული მიზნით;
  • კორპორაციის საქმიანობის გამჭვირვალობასა და არადისკრიმინაციულობას ინტერნეტის სახელებისა და მისამართების განაწილების საქმეში;
  • ეფექტურ კონკურენციას საქმიანობის ყველა სფეროში და კონკურენციის პირობებს, რაც სარგებლობის მომტანი იქნება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, რათა მათ ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა და დაბალფასიანი გაუმჯობესებული მომსახურება და სხვა...

2009 წლის ოქტომბერში მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ- კორპორაციამ (ICANN) დაამტკიცა პროგრამა, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულად ინტერნაციონალიზებული ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენური სახელის (ccTLD) რეგისტრაცია.

კომისიამ, როგორც საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტში, პროგრამის გამოქვეყნებისთანავე გადადგა ნაბიჯები ჩვენს ქვეყანაში მის დასანერგად. კერძოდ:

-         კომისიაში შედგა პროგრამის განხილვა-პრეზენტაცია;

-         კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდა პროგრამასთან დაკავშირებული მასალები

-         ჩატარდა ელექტრონული გამოკითხვა დომენური სტრიქონის შესარჩევად.

შერჩეული დომენური სტრიქონი საქართველოს მოენიჭა 2011 წელს. დომენის დელეგირება განხორციელდა 2014 წლის ნოემბერში. დომენის რეგისტრაცია   არ დაწყებულა.

   

ევროპის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ადმინისტრაციების კონფერენცია

(European Conference of Postal and Telecommunications Administrations - CEPT)

CEPT–ში საქართველო, კომისიის ინიციატივითა და მოლაპარაკებებით, გაწევრიანდა 2006 წელს. ადმინისტრაცია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო. CEPT–ში გაწევრიანებით ჩვენ ვაღიარეთ და მივუერთდით CEPT–ის ორ მთავარს დოკუმენტს: CEPT Arrangements და CEPT Rules of Procedures.

CEPT–თან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს კომისია.

ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენცია შეიქმნა 1959 წლის 26 ივნისს, 19 ქვეყნის მიერ, როგორც ევროპის სახელმწიფოთა სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ორგანიზაციების მაკოორდინირებელი ორგანო. აკრონიმი ”CEPT”  წარმოსდგება ორგანიზაციის ფრანგული სახელწოდებიდან: ”Conference Europenne des Administrations des Postes et des Telecommunications. CEPT-ის პირველი წევრები იყვნენ საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მონოპოლისტი ორგანიზაციები. დღესდღობით CEPT-ი აერთიანებს 48 ქვეყანას. 1988 წელს CEPT-მა დააარსა ETSI - ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი - და გადასცა სატელეკომუნიკაციო სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული მთელი თავისი საქმიანობა.

ეს არის დამოუკიდებელი რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს ევროგაერთიანებასთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და სხვა სამთავრობოთაშორის ორგანიზაციებთან საფოსტო და სტელეკომუნიკაციო სფეროში.

CEPT-ის წევრები ხდებიან საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციები (CEPT-ის წესდების მიხედვით, ”ადმინისტრაციებში” იგულისხმება პოლიტიკის მწარმოებელი, გადაწყვეტილების მიმღები და/ან მარეგულირებელი ორგანიზაციები საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სფეროებში), რომლებიც არიან საყოველთაო საფოსტო კავშირისა (UPU – Universal Postal Union) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრები.

CEPT-ის მიზანია, წევრ ქვეყნებთან ერთობლივი თანამშრომლობით, საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სფეროში დინამიური ბაზრის შექმნის ხელშეწყობა.

CEPT-ის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი მარეგულირებელი საკითხების განხილვა საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სფეროებში, ევროპის დონეზე, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ჩათვლით; ევროპული ჰარმონიზაციის ხელშეწყობა რადიოსიხშირულ სპექტრთან მიმართებით; საჭირო კონტაქტების დამყარება ევროკომისიასთან, სხვა სამთავრობოთაშორის ორგანიზაციებთან, ფორუმების ორგანიზება ევროპის საერთო წინადადებების განსახილველად, ITU-სა და UPU-ს მიერ შემუშავებული და შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და საერთო აზრის შემუშავება და ა.შ.

  

ევრაზიის ქვეყნების თანამშრომლობა

ტელეკომუნიკაციების რეგულირების სფეროში

პროექტს საფუძველი ჩაეყარა 2003 წელს, თურქეთის მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივით. 2004 წლის მაისს ხელი მოეწერა ტელეკომუნიკაციების რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარისათვის კონსულტაციების გაწევას, რეგიონში სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარებასა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას, დაინტერესების შემთხვევაში, სატელეკომუნიკაციო დარგის რეფორმის, კონკურენციის პოლიტიკის, რეგულირებისა და რეგულირების მეთოდების, ლიცენზირების რეჟიმის, ნუმერაციის საკითხების, უნივერსალური მომსახურების, სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე სემინარებისა და თრეინინგების ჩატარებას და ა. შ.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამი სამუშაო ჯგუფი: საკოორდინაციო საკითხებზე, ბაზრის რეგულირების საკითხებზე და შეზღუდული რესურსების საკითხებზე მუშა ჯგუფები.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2006 წლის 25-26 სექტემბერს თბილისში ჩატარდა მეორე მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე დამტკიცდა სამუშაო ჯგუფები (საკოორდინაციო, ბაზრის რეგულირების, შეზღუდული რესურსების), სამუშაო ჯგუფების ტექნიკური დავალებები და შეირჩა და დამტკიცდა მუშა ჯგუფების ხელმძღვანელი ქვეყნები: საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი - თურქეთი, შეზღუდული რესურსების ჯგუფის – აზერბაიჯანი, ხოლო ბაზრის რეგულირების ჯგუფის – საქართველო.

 

 ევროკომისია - აღმოსავლეთის პარტნიორობა

 

2009 წლის მაისში, ევროპის საბჭოს ინიციატივით, შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა (Eastern Partnership – EaP). აღმოსავლეთის პარტნიორობა ოფიციალურად გამოცხადდა 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში, სამიტზე, რომელსაც ესწრებოდნენ 33 ქვეყნის წარმომადგენლები (27 - ევროგაერთიანების წევრი ქვეყნის და 6 - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის). აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ექვსმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკომისიის აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისკენ. ეს 6 ქვეყანაა: აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

"აღმოსავლეთის პარტნიორობა" (Eastern Partnership - EaP), მასში მონაწილე ექვსივე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, შესაძლებლობას აძლევს, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დააჩქაროს ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი.

2010 წელს ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანომ (The Austrian Regulatory Authority for Broadcasting and Telecommunications - RTR) წამოაყენა წინადადება, პროგრამის ფარგლებში, შექმნილიყო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის ქსელი. ამ მიზნით, 2010 წლის 7-8 ოქტომბერს, ავსტრიის მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივით, ვენაში, ჩატარდა  აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის 6 ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მომზადდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების ტექნიკური დახმარების პროგრამა.

2011 წლის 30 ივნისს-1 ივლისს ლიტვაში, ტრაკაიში, ჩატარდა ევროკომისიის, ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების მეორე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას მასპინძლობდა ლიტვის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო, ევროკომისიასთან ერთად.

2011 წლის 23-24 ნოემბერს, ბარსელონაში, ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მომდევნო შეხვედრა, რომელიც დაემთხვა ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანებისა (BEREC) და ლათინური ამერიკის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (REGULATEL) ერთიან სამიტს. სამიტს ესწრებოდა ევროკომისიის გენერალური დირექტორი, რობერტ მადელინი.

2012 წლის შემოდგომაზე მოლდოვაში, კიშინიოვში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტზე, ხელი მოეწერა დებულებას/წესდებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის შექმნის შესახებ. ოფიციალურად შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აღმ. პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის განვითარება და ევროგაერთიანების ბაზართან მიახლოება. ქსელს ჰყავს თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, რომლებიც ირჩევა 1 წლის ვადით. თავმჯდომარე უნდა იყოს აღმ. პარტიორობის ქვეყენის წარმომადგენელი, ვიცე-თავმჯდომარე - ევროგაერტიანების ქვეყნის წარმომადგენელი.

2013 წლის მარტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტი ჩატარდა კიევში. აქ საფუძველი ჩაეყარა ევროკომისიის მიერ ინიცირებულ და დაფინანსებულ პროექტს, რომელიც განახორციელა სლოვაკეთის PWC-მ. პროექტის მიზანი - აღმ. პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის დაახლოება ევროგაერთიანების ბაზართან. პროექტი წარიმართა სამი მიმართულებით: ტექნიკური დახმარება (10 სამუშაო შეხვედრა), ბენჩმარკინგი, ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა. სამუშო შეხვედრები ჩატარდა შემდეგ თემებზე: ბაზრის ანალიზი; ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია და მიდგომები; მობილური და ფიქსირებული ზარების დასრულების ტარიფები; უნივერსალური მომსახურების ვალდებულება; მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა; საერთაშორისო და ეროვნული როუმინგი; ფართოზოლოვანი მომსახურება, NGN, NGA; განცალკევებული აღრიცხვა და მარეგულირებელი აუდიტი; სიხშირეების მინიჭება, ციფრული დივიდენდი; საბითუმო და საცალო ბაზრების ბენჩმარკინგი, მარეგულირებელი ბენჩმარკინგი; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამოწვევები. წელიწადში ორჯერ ტარდება ბენჩმარკინგი, რომელშიც მონაწილეობს 6 აღმ. პარტნიორობისა და 5 ევროგაერთიანების (ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) ქვეყანა, წელიწადში 2-ჯერ ტარდება პლენარული სხდომები, სადაც ჯამდება განვლილი მუშაობა და იგეგმება შემდგომი. აქვე განიხილება და წყდება პრობლემური საკითხები.

2014 წლის 1-2 აპრილს - ჩატარდა ქსელის მესამე პლენარული სხდომა თბილისში. შეხვედრას უმასპინძლა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ.

2014 წლის დეკემბერში - პრაღაში ჩატარდა მეოთხე პლენარული სხდომა. სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ჩატარდა არჩევნები. ქსელის თავმჯდომარედ 2015 წლის განმავლობაში არჩეულ იქნა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო ვიცე-თავმჯდომარედ - შვედეთის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის მარეგულირებელი ორგანო.

 


მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა

(EPRA – European Platform of Regulatory Authorities)

ეს არის მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების უმსხვილესი გაერთიანება ევროპაში. დაარსდა 1995 წელს, მალტაში. ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

  • დისკუსიები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მარეგულირებელ ორგანოებს შორის მედიის სფეროში;
  • ინფორმაციის გაზიარება ნაციონალური და ევროპული მედიის რეგულირების საკითხებზე;
  • დისკუსიები და პრაქტიკული რჩევები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით  მედიის რეგულირების სფეროში.

 

EPRA არის მაუწყებლობის მარეგულირებელი ევროპული ორგანოების დამოუკიდებელი და ნეიტრალური გაერთიანება; იგი ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

საქართველო EPRA-ს წევრია 2013 წლიდან და აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მის თანამშრომლობაში.

2014 წლის ოქტომბერში კომისიამ უმასპინძლა EPRA-ს მე-40 საერთაშორისო შეხვედრას.