ევრაზიის ქვეყნების თანამშრომლობა ტელეკომუნიკაციების რეგულირების სფეროში

ოქტომბერი. 09, 2018

პროექტს საფუძველი ჩაეყარა 2003 წელს, თურქეთის მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივით. 2004 წლის მაისს ხელი მოეწერა ტელეკომუნიკაციების რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარისათვის კონსულტაციების გაწევას, რეგიონში სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარებასა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას, დაინტერესების შემთხვევაში, სატელეკომუნიკაციო დარგის რეფორმის, კონკურენციის პოლიტიკის, რეგულირებისა და რეგულირების მეთოდების, ლიცენზირების რეჟიმის, ნუმერაციის საკითხების, უნივერსალური მომსახურების, სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე სემინარებისა და თრეინინგების ჩატარებას და ა. შ.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამი სამუშაო ჯგუფი: საკოორდინაციო საკითხებზე, ბაზრის რეგულირების საკითხებზე და შეზღუდული რესურსების საკითხებზე მუშა ჯგუფები.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2006 წლის 25-26 სექტემბერს თბილისში ჩატარდა მეორე მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე დამტკიცდა სამუშაო ჯგუფები (საკოორდინაციო, ბაზრის რეგულირების, შეზღუდული რესურსების), სამუშაო ჯგუფების ტექნიკური დავალებები და შეირჩა და დამტკიცდა მუშა ჯგუფების ხელმძღვანელი ქვეყნები: საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი - თურქეთი, შეზღუდული რესურსების ჯგუფის – აზერბაიჯანი, ხოლო ბაზრის რეგულირების ჯგუფის – საქართველო.