ევროკომისია - აღმოსავლეთის პარტნიორობა

ოქტომბერი. 09, 2018

2009 წლის მაისში, ევროპის საბჭოს ინიციატივით, შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა (Eastern Partnership – EaP). აღმოსავლეთის პარტნიორობა ოფიციალურად გამოცხადდა 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში, სამიტზე, რომელსაც ესწრებოდნენ 33 ქვეყნის წარმომადგენლები (27 - ევროგაერთიანების წევრი ქვეყნის და 6 - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის). აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ექვსმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკომისიის აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისკენ. ეს 6 ქვეყანაა: აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

"აღმოსავლეთის პარტნიორობა" (Eastern Partnership - EaP), მასში მონაწილე ექვსივე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, შესაძლებლობას აძლევს, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დააჩქაროს ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი.

2010 წელს ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანომ (The Austrian Regulatory Authority for Broadcasting and Telecommunications - RTR) წამოაყენა წინადადება, პროგრამის ფარგლებში, შექმნილიყო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის ქსელი. ამ მიზნით, 2010 წლის 7-8 ოქტომბერს, ავსტრიის მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივით, ვენაში, ჩატარდა  აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის 6 ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მომზადდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების ტექნიკური დახმარების პროგრამა.

2011 წლის 30 ივნისს-1 ივლისს ლიტვაში, ტრაკაიში, ჩატარდა ევროკომისიის, ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების მეორე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას მასპინძლობდა ლიტვის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო, ევროკომისიასთან ერთად.

2011 წლის 23-24 ნოემბერს, ბარსელონაში, ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მომდევნო შეხვედრა, რომელიც დაემთხვა ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანებისა (BEREC) და ლათინური ამერიკის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (REGULATEL) ერთიან სამიტს. სამიტს ესწრებოდა ევროკომისიის გენერალური დირექტორი, რობერტ მადელინი.

2012 წლის შემოდგომაზე მოლდოვაში, კიშინიოვში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტზე, ხელი მოეწერა დებულებას/წესდებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის შექმნის შესახებ. ოფიციალურად შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აღმ. პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის განვითარება და ევროგაერთიანების ბაზართან მიახლოება. ქსელს ჰყავს თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, რომლებიც ირჩევა 1 წლის ვადით. თავმჯდომარე უნდა იყოს აღმ. პარტიორობის ქვეყენის წარმომადგენელი, ვიცე-თავმჯდომარე - ევროგაერტიანების ქვეყნის წარმომადგენელი.

2013 წლის მარტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტი ჩატარდა კიევში. აქ საფუძველი ჩაეყარა ევროკომისიის მიერ ინიცირებულ და დაფინანსებულ პროექტს, რომელიც განახორციელა სლოვაკეთის PWC-მ. პროექტის მიზანი - აღმ. პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის დაახლოება ევროგაერთიანების ბაზართან. პროექტი წარიმართა სამი მიმართულებით: ტექნიკური დახმარება (10 სამუშაო შეხვედრა), ბენჩმარკინგი, ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა. სამუშო შეხვედრები ჩატარდა შემდეგ თემებზე: ბაზრის ანალიზი; ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია და მიდგომები; მობილური და ფიქსირებული ზარების დასრულების ტარიფები; უნივერსალური მომსახურების ვალდებულება; მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა; საერთაშორისო და ეროვნული როუმინგი; ფართოზოლოვანი მომსახურება, NGN, NGA; განცალკევებული აღრიცხვა და მარეგულირებელი აუდიტი; სიხშირეების მინიჭება, ციფრული დივიდენდი; საბითუმო და საცალო ბაზრების ბენჩმარკინგი, მარეგულირებელი ბენჩმარკინგი; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამოწვევები. წელიწადში ორჯერ ტარდება ბენჩმარკინგი, რომელშიც მონაწილეობს 6 აღმ. პარტნიორობისა და 5 ევროგაერთიანების (ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) ქვეყანა, წელიწადში 2-ჯერ ტარდება პლენარული სხდომები, სადაც ჯამდება განვლილი მუშაობა და იგეგმება შემდგომი. აქვე განიხილება და წყდება პრობლემური საკითხები.

2014 წლის 1-2 აპრილს - ჩატარდა ქსელის მესამე პლენარული სხდომა თბილისში. შეხვედრას უმასპინძლა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ.

2014 წლის დეკემბერში - პრაღაში ჩატარდა მეოთხე პლენარული სხდომა. სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ჩატარდა არჩევნები. ქსელის თავმჯდომარედ 2015 წლის განმავლობაში არჩეულ იქნა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო ვიცე-თავმჯდომარედ - შვედეთის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის მარეგულირებელი ორგანო.