მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტი - ICANN / GAC

ოქტომბერი. 09, 2018

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ–კორპორაციის სამთავრობო–საკონსულტაციო კომიტეტში საქართველო, კომისიის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, გაწევრიანდა 2009 წელს. საქართველოს აკრედიტებულ წარმომადგენელს კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტში კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს.

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) - ჩამოყალიბდა 1998 წლის 21 ნოემბერს. ოფისები - კალიფორნიაში, ვაშინგტონში, ბელგიაში, სიდნეიში. კორპორაციის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერნეტის განვითარებას საყოველთაო მასშტაბით, საერთაშორისო კანონმდებლობასთან, შესაბამის საერთაშორისო კონვენციებთან და ადგილობრივ კანონთან შესაბამისობით.

კონკრეტულად, ICANN-ი აკოორდინირებს:

  1. დომენურ სახელთა სისტემას (Domain Name System - DNS), ინტერნეტ-პროტოკოლის (IP) მისამართებსა და ავტონომიურ სისტემურ (AS) ნომრებს, პროტოკოლის პორტსა და დომენურ სახელთა პარამეტრებს;
  2. დომენურ სახელთა სერვერის სისტემას;
  3. დომენურ სახელთა სისტემის მოქმედებასა და განვითარებას;
  4. პოლიტიკის განვითარებას, რომელიც კავშირშია ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ ფუნქციებთან;

იგი არ აკონტროლებს ინტერნეტის შინაარსს, ვერ აჩერებს სპამს და არ ეხება ინტერნეტთან დაშვებას. მაგრამ ინტერნეტის სახელთა სისტემის კოორდინაციის თვალსაზრისით, იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერნეტის გაფართოებისა და განვითარების საქმეში. ICANN-ის კოორდინაციის გარეშე არ იარსებებდა ერთიანი საყოველთაო ინტერნეტი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სრულად პასუხისმგებელია ინტერნეტის ტექნიკურ ფუნქციებზე.

ICANN-ს მართავს დირექტორთა საერთაშორისო საბჭო, რომელიც შედგება 19 წევრისგან.

ICANN-ი შედგება რამდენიმე კომიტეტისგან. მათ შორის, ერთ-ერთი სპეციფიური კომიტეტია -  სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტი, რომლის წევრიც არის საქართველო, კომისიის წარმომადგენლობით.

GAC (Governmental Advisory Committee - სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტი) შედგება 83 ქვეყნის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის - ITU-ს (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება), UNESCO-ს (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization - გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია), WIPO-ს (World Intellectual Property Organization - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია), OECD-სა (Organisation for Economic Co-operation and Development - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) და UPU-ს (Universal Postal Union - მსოფლიო საფოსტო კავშირი) წარმომადგენლებისგან და დამკვირვებლებისაგან.

 

GAC შეიმუშავებს და უზრუნველყოფს საკონსულტაციო წინადადებებს კორპორაციის საქმიანობასთან მიმართებით, თუ ეს საქმიანობა კავშირშია სახელმწიფო ინტერესებთან. კომიტეტის წინადადებები კორპორაციის მიერ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებისას.

კომიტეტის წინადადებები შეიძლება ეხებოდეს:

  • ინტერნეტის უსაფრთხოებას, საიმედოობასა და ფუნქციონირებას, უწყვეტი მომსახურებისა და უნივერსალური კავშირის ჩათვლით;
  • ინტერნეტის განვითარებას საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესისთვის, სახელმწიფო, კერძო, საგანმანათლებლო და კომერციული მიზნით;
  • კორპორაციის საქმიანობის გამჭვირვალობასა და არადისკრიმინაციულობას ინტერნეტის სახელებისა და მისამართების განაწილების საქმეში;
  • ეფექტურ კონკურენციას საქმიანობის ყველა სფეროში და კონკურენციის პირობებს, რაც სარგებლობის მომტანი იქნება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, რათა მათ ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა და დაბალფასიანი გაუმჯობესებული მომსახურება და სხვა...

2009 წლის ოქტომბერში მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ- კორპორაციამ (ICANN) დაამტკიცა პროგრამა, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულად ინტერნაციონალიზებული ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენური სახელის (ccTLD) რეგისტრაცია.

კომისიამ, როგორც საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტში, პროგრამის გამოქვეყნებისთანავე გადადგა ნაბიჯები ჩვენს ქვეყანაში მის დასანერგად. კერძოდ:

-         კომისიაში შედგა პროგრამის განხილვა-პრეზენტაცია;

-         კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდა პროგრამასთან დაკავშირებული მასალები

-         ჩატარდა ელექტრონული გამოკითხვა დომენური სტრიქონის შესარჩევად.

შერჩეული დომენური სტრიქონი საქართველოს მოენიჭა 2011 წელს. დომენის დელეგირება განხორციელდა 2014 წლის ნოემბერში. დომენის რეგისტრაცია   არ დაწყებულა.