თანამშრომლობა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან - ITU

ოქტომბერი. 09, 2018

საქართველო, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს წარმომადგენლობით (კატეგორია - ადმინისტრაცია), საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში 1993 წლის 7 იანვარს გაწევრიანდა. 1994 წლის 20 ივნისს საქართველო მიუერთდა  საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების კონსტიტუციასა და კონვენციას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან თანამშრომლობს შექმნის დღიდან, 2000 წლიდან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც მარეგულირებელი ორგანო (კატეგორია - ADMIN RELATED / REGULATOR). იგი მონაწილეობს როგორც ITU-ს საყოველთაო, ასევე - მისი ცალკეული სექტორების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ასევე, კომისია რადიოკომუნიკაციების სექტორის კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობს. კომისია ჩართულია ITU–ს ყოველწლიური კითხვარების, კერძოდ - ტარიფების კითხვარის (მოიცავს ინფორმაციას ხარჯებისა და ტარიფების მოდელების, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ტარიფების რებალანსირების, ურთიერთჩართვის საკითხების, შემდგომი თაობის ქსელებისა და ა.შ. შესახებ), ინდიკატორების მოკლე კითხვარისა და ITU სრული კითხვარის (მოიცავს ინფორმაციას კონკურენციის, ძირითადი ფიქსირებული ოპერატორების სტატუსის, მარეგულირებლის დამოუკიდებლობის, საკანონმდებლო ბაზის, ურთიერთჩართვის, ლიცენზირების, დავების გადაწყვეტის, რადიოსიხშირული სპექტრისა და ა.შ. შესახებ) შევსებაში. აღნიშნული კითხვარები ხელს უწყობს ITU–ს მონაცემთა ბაზის შევსებას. ITU–ს მონაცემთა ბაზა ქვეყნდება ITU–ს ვებ–გვერდზე. ეს არის ერთადერთი ოფიციალური მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო და სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციები აანალიზებენ და განსაზღვრავენ  სატელეკომუნიკაციო დარგში ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების დონეს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს როგორც სამინისტროს, ასევე - მარეგულირებელ კომისიას, დაშვება აქვთ ორგანიზაციის მეტად მნიშვნელოვან და ინფორმატიულ დოკუმენტაციასთან: მსოფლიო სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების ანგარიშებთან; ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ  რეკომენდაციებთან; ტექნიკურ - სიხშირული რესურსის მართვის რეგლამენტებთან და ა.შ.

2014 წლის ნოემბერში კომისია იყო ერთ-ერთი მასპინძელი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმისა. სიმპოზიუმზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებამ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი  გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 166 ქვეყანას შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით 9 ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალშია. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ხუთი საფეხურით გაუმჯობესდა და 83-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება შეიქმნა 1865 წელს, პარიზში, როგორც საერთაშორისო სატელეგრაფო გაერთიანება. 1932 წელს მან მიიღო თავისი დღევანდელი სახელწოდება და 1947 წელს გახდა გაერთიანებული ერების სპეციალური სააგენტო. თავდაპირველად ITU-ს საქმიანობა მხოლოდ ტელეგრაფს მოიცავდა, დღესდღეობით კი იგი მთლიანად ICT სექტორს ფარავს.

ეს არის ორგანიზაცია, რომლის საქმიანობას, ზოგადად, წარმოადგენს - საერთაშორისო დონეზე სტანდარტიზაცია, რადიო-კოორდინაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარება; იგი აწარმოებს როგორც სახელმწიფო, ასევე - კერძო სექტორის სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების გლობალურ კოორდინაციას.

 ორგანიზაციის მიზანია:

  • წევრებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაფართოება, ტელეკომუნიკაციების განვითარებისა და რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით;
  • განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობა და სატელეკომუნიკაციო სფეროში ტექნიკური დახმარების შეთავაზება და უზრუნველყოფა; ასევე, - ტელეკომუნიკაციების განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობა;
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ეფექტურობის გაღრმავების მიზნით ტექნიკური საშუალებების განვითარებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა; და სხვა.

 

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების საქმიანობა იყოფა 3 მთავარ სფეროდ და შესაბამისად, 3 მთავარ სექტორად - სტანდარტიზაციის (ITU-T)რადიოკომუნიკაციებისა (ITU-R) და ტელეკომუნიკაციების განვითარების (ITU-D) სექტორებად.