საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესახებ

მაისი. 03, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის  სფეროს და ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროს მარეგულირებელმა ორგანომ საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისია, კომისიის წევრები და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიამ მხოლოდ კანონს.

კომისიის დაკომლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი, ისე საკონონმდებლო ხელისულება. საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს კონკურსანტთა სიას სრულად. შემდგომ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას შეარჩევს, რომელიც ასევე ქვეყნდება  და ამავე დროს, წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციის მისაღებად. საქართველოს პრემირე-მინისტრისგან კონტრასიგნაციის მიღების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კომისიის წევრის თითოეულ  ვაკანტურ თანამდობობაზე სამ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს საქართველოს პარლამენტი  სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით ირჩევს, ექვსი წლის ვადით. კომისიის წევრის თანამდებობიდან გადაყენება  მხოლოდ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა.

კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით ფარული კენჭისყრის გზით, სამი წლით, მხოლოდ ერთი ვადით ირჩევს.

2014 წლის 19 მაისიდან კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძეა. კომისიის წევრები  ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძე, კახი ბექაური და მერაბ ქათამაძე არიან.  კომისიის აპარატი რვა სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, კომისიას ჰყავს პრესმდივანი და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი და მისი სამსახური.

დებულების თანახმად, კომისია  საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე და ხელისუფლების სამივე შტოს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს. კომისია არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. კომისიის შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.75% შეადგენს, ხოლო მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.5 %-ს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შექმნის წინაპირობა პარლამენტის მიერ 1999 წლის 23 ივლისს  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები გახდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შექმნამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის სრულიად ახლებური ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები დაადგინა. აღნიშნული კანონი 2004 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ და 2005 წელს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების მიღების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მკაფიოდ გამიჯნულია მთავრობის, როგორც დარგში პოლიტიკის დამდგენი ორგანოს და კომისიის, როგორც მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები.

კომისიის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის:

-     ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა;

-    გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება და კონკურენციის ხელშეწყობა;

-     ხარისხიანი, მრავალფეროვანი და ინოვაციური სატელესაკომუნიკაციო მომსახურებათა მომხმარებლებათა ხელშეწყობა;
-     თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;

-     მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად საჯარო კონკურსის და სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამოცხადება. ასევე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის და სიხშირული რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემა. ელქტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, ლიცენზირება, ლიცენზიების და ნებართვების გაცემა, ამ სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება, ასევე ლიცენზიევის ვადის გაგრძელება, შეჩერება და გაუქმება მხოლოდ კომისიის პრეროგატივაა. კომისია, ამავე დროს ახორციელებს მონიტორინგს ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ ლიცენზიების პირობების შესრულებაზე. სატელეკომუნიკაციო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის კომისია განიხილავს ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს შორის წარმოქმნილ დავებს, ასევე დავებს დარგის მოთამაშეებსა და მომხმარებელს შორის.

კომისიის კომპეტენციაში შედის რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია, მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა და სხვა.

კომისია არეგულირებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ურთიერთჩართვის ტექნიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებს, რომლის ძირითადი მიზანი მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ნებისმიერი ოპერატორის მომსახურების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარების, მართვის და რეგულირების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. ამჟამად მიმდინარეობს ინტესიური სამუშაო პროცესი „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ - ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციისთვის. გასული წლების განმავლობაში კომისია აქტიურად იყო ჩაბმული მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროპის საბჭოს (CoE) მიერ სხვადასხვა დროს ორგანიზებულ საკონსულტაციო თუ დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებში.  

2001 წლიდან კომისია ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) ასოცირებული წევრია. 2007 წლიდან ინსტიტუტის საპროცედურო წესებში შეტანილი  ცვლილებების თანახმად, საქართველო ETSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.  2005 წლის თებერვალში საქართველო მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტის (ICANN GAC) მე-100 სამთავრობო წევრი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ინტერესებს ზემოაღნიშნულ კომიტეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან (ITU) და ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტთან (ETSI).

2007 წლიდან საქართველო გახდა საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების ევროპული კონფერენციის (CEPT) სრულუფლებიანი წევრი. ადმინისტრაციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრო, მაგრამ კომისია, როგორც მარეგულირებელი ორგანო, მჭიდროდ თანამშრომლობს CEPT-თან.

კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი  პრინციპია საზოგადოებასთან ღია, გამჭვირვალე ურთიერთობა. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის.