ევროპის საბჭოსა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა „მედიაწიგნიერება საქართველოში“ ჩატარდა

ივნისი 04, 2019 11:55

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროპის საბჭომ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა - „მედიაწიგნიერება საქართველოში“  ჩაატარა. ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების თემაზე ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით ასეთი გაფართოებული შეხვედრა პირველად შედგა.

სპეციალურად ამ დღისთვის ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულ იქნა მედიაწიგნიერების ექსპერტი, ირლანდიის ეროვნული კოორდინატორი - მარტინა ჩეპმენი. მარტინა ჩეპმენი ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების კონსულტანტია, როგორიცაა: ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია, ირლანდიის მედიის მარეგულირებელი, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი  და BBC. სწორედ მარტინა ჩეპმენი იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონსულტანტი.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა  ქვეყანაში მედიაწიგნირების მიმართულებით, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიები და ციფრული მედია  ყოველდღიურად ვითარდება, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მედიაწიგნიერების ხელშეწყობა და განვითარება. კერძოდ, საზოგადოებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების გაღრმავება, როგორიცაა მედია პროდუქტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი, აღნიშნული უნარ-ჩვევები საზოგადოებას ყველაზე მნიშვნელოვანს, ინფორმაციული არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე აქტიურად იქნა განხილული ამ მხრივ არსებული საერთაშორისო პრაქტიკა. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა, ისაუბრეს მედიაწიგნიერების განვითარებაში სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და თავად მედიის როლზე.

შეხვედრაზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქვეყანაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს  რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა.  კერძოდ, კომისიის ინიციატივაა წელიწადში ორჯერ მედიაწიგნიერების თემაზე ჩატარდეს მსგავსი ტიპის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა; შეიქმნას ერთიანი საკომუნიკაციო ონლაინ სივრცე; ამას გარდა, კომისიის ძალისხმევით გაკეთდება ეროვნული მნიშვნელობის ვებ-პლატფორმა, სადაც  მედიაწიგნიერების თემაზე ყველა დაინტერესებული მხარის მიერ განხორციელებულ პროექტებზე განთავსდება ინფორმაცია. ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ერთიან სივრცეში ჰქონდეს წვდომა მედიაწიგნირების ყველა საკითხზე. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც დღეს კომუნიკაციების კომისიამ გააჟღერა, ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა.  მოგეხსენებათ, რომ მედიაწიგნიერების თემაზე  მსგავსი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. კომისიის ინიციატივაა ერთობლივად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა, სადაც ნათლად გამოჩნდება რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების უფლებამოსილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისას კანონმდებლობით  აქვს განსაზღვრული. კომისიის ხედვით, მიზნის მისაღწევად, კონკრეტული პროექტების განხორციელებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით, მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობა და არსებულ გამოწვევებთან ერთიანი ძალისხმევით გამკლავება.

სწორედ მედიაწიგნიერების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებაა ევროპის საბჭოს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო ახორციელებს ორწლიან პროექტს „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში”, რომლის მიზანიც პროფესიული, ეთიკური, პლურალისტული და პასუხისმგებლიანი მედია გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა და ასევე, ინტერნეტ-სივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაა.

თავისუფალი მედიისა და ინტერნეტ სივრცის ჩამოყალიბებისთვის კი, ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლება. შესაბამისად, ევროპის საბჭო აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობს კომუნიკაციების კომისიასთან, სამთავრობო და არასამთავარობო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, სხვა შესაბამის დაწესებულებებთან და მხარს უჭერს მედიაწიგნიერების ხელშეწყობისკენ მიმართულ ინიციატივებს. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა სწორედ პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა.